ევროკავშირი სომხეთს €200 მილიონზე მეტს გამოუყოფს

ევროკავშირი სომხეთს €200 მილიონზე მეტს გამოუყოფს

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ერევანში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მდგრადობისა და ზრდის გეგმის ფარგლებში, ევროკავშირი სომხეთს 200 მილიონ ევროზე მეტს გამოუყოფს.

„ევროკავშირი და სომხეთი არასდროს ყოფილან ისე ახლოს, როგორც ახლა“, – განაცხადა სომხეთში ევროკავშირის დელეგაციამ ოფიციალურ პრესრელიზში. „ევროკომისარ კოსის პირველი ვიზიტი სომხეთში ორმხრივ ურთიერთობებში უპრეცედენტო დინამიკურ მოვლენას წარმოადგენს. ის მიესალმება სომხეთის ნაბიჯებს პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით“.

მარტა კოსის თქმით, აღნიშნული ფინანსური დამხარება 2024 წლის აპრილში ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ სომხეთის მხარდასაჭერად გამოცხადებული 270 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის მეორე ტრანშს წარმოადგენს. მათ შორის 90 მილიონი ევრო ყოვლისმომცველი მრავალსექტორული დაფინანსების სახით იქნება გამოყოფილი.

პროგრამა ვაჭრობის დივერსიფიკაციას, სატრანსპორტო და ენერგეტიკის მიმართულების განვითარებას, ვიზების ლიბერალიზაციისთვის საჭირო რეფორმებს, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობას, ასევე დაუცველი ჯგუფების, მათ შორის ლტოლვილების მხარდაჭერას მოიცავს.

მარტა კოსმა აღნიშნა, რომ 2021 წლიდან ევროკავშირმა სომხეთისთვის უკვე 2.5 მილიარდ ევროზე მეტი გამოყო.