საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის თავისუფლების 5 წლის ვადით აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ სარკოზი ლიბიის ყოფილი დიქტატორ მუამარ კადაფისთან საიდუმლო გარიგების დადების მცდელობისთვის დამნაშავედ სცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება საფრანგეთის უახლოეს ისტორიაში უმაღლესი პოლიტიკური ფიგურის მიმართ გამოტანილი პირველი განაჩენია.
„რაც დღეს მოხდა… უკიდურესად მძიმეა კანონის უზენაესობისა და იმ ნდობისათვის, რაც შესაძლოა ადამიანს გააჩნდეს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ. თუ მათ სურთ, რომ ციხეში დავიძინო, ციხეში დავიძინებ, მაგრამ თავაწეული“, – განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ მაშინ, როდესაც ის სასამართლო დარბაზიდან გადიოდა.
სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისათვის, ნიკოლა სარკოზის თანაშემწეები შეეცადნენ ლიბიის ყოფილი დიქტატორისაგან ფინანსური მხარდაჭერა მიეღოთ. პარიზის სასამართლომ სარკოზი ყველა სხვა ბრალდებაში გაამართლა, მათ შორის კორუფციასა და საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების მიღებაშიც.
ნიკოლა სარკოზის მუამარ კადაფისთან აღნიშნული საიდუმლო გარიგების 2005 წელს დადებას ედავებოდნენ, როდესაც ის საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ბრალდების თანახმად, ამ პერიოდში სარკოზიმ საერთაშორისო ასპარეზზე იზოლირებული ლიბიის მხარდაჭერის სანაცვლოდ კადაფისაგან საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსება მოითხოვა.
მოსამართლის განმარტებით, მართალია, ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების დრო და კვალი მომხდარს ემთხვევა, სარკოზის მიერ კადაფისთან მსგავსი შეთანხმების გაფორმებისა და ლიბიიდან გამოგზავნილი ფულის საარჩევნო კამპანიაში მოხვედრის არანაირი მტკიცებულება არ მოიპოვება. მიუხედავად ამისა, მოსამართლის განცხადებით, სარკოზი დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივ შეთქმულებაში, რადგან მან საკუთარ თანაშემწეებს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მოპოვების მიზნით ლიბიაში მყოფ ადამიანებთან დაკავშირების საშუალება მისცა.
ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა.