YouTube-ი ტრამპის ანგარიშის გაყინვისთვის $24.5 მილიონის კომპენსაციის გადახდას დათანხმდა

YouTube-ი ტრამპის ანგარიშის გაყინვისთვის $24.5 მილიონის კომპენსაციის გადახდას დათანხმდა

სასამართლო სარჩელის დოკუმენტების თანახმად, Alphabet-ის მფლობელობაში არსებული პოპულარული ვიდეოსტრიმინგის პლატფორმა YouTube-ი მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის დასაკმაყოფილებლად $24.5 მილიონს გადაიხდის. სარჩელი სასამართლოში დონალდ ტრამპმა მას შემდეგ შეიტანა, რაც 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ კომპანიამ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ანგარიში დროებით გააუქმა.

აღსანიშნავია, რომ YouTube-ი რიგით მესამე ტექნოლოგიური კომპანიაა, რომლის წინააღმდეგაც 2021 წლის ივლისში დონალდ ტრამპმა სარჩელი შეიტანა. ტრამპი კომპანიებს კონსტიტუციური უფლებების უკანონო შეზღუდვას ედავებოდა.

შეგახსენებთ, 2021 წელს დონალდ ტრამპმა სარჩელი Twitter-ის, Facebook-ის მფლობელი Meta-ს, Alphabet-ის Google-ისა და მათი აღმასრულებელი დირექტორების წინააღმდეგ შეიტანა. Meta-მ და X-მა კომპენსაციის გადახდის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის დასაწყისში მიიღეს. იანვარში Meta-მ კომპენსაციის სახით $25 მილიონი, თებერვალში კი X-მა $10 მილიონი გადაიხადა.

YouTube-თან გაფორმებული საპროცესო გარიგების თანახმად, $22 მილიონი ტრამპის სახელით არაკომერციულ ორგანიზაციას, Trust for the National Mall-ს გადაერიცხება, რომელიც თეთრი სახლისთვის განკუთვნილ $200 მილიონის ღირებულების საბანკეტო დარბაზს აშენებს. 8361 კვადრატული მეტრის ფართობის საბანკეტო დარბაზის მშენებლობა რამდენიმე წელიწადში დასრულდება.

დარჩენილი თანხა კი საქმის სხვა მოსარჩელეებს გადაეცემათ. მათ შორისაა „ამერიკული კონსერვატიული კავშირი“, რომელიც კონსერვატიულ მოძრაობას „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას“ აფინანსებს. Meta-ს მიერ გადახდილი კომპენსაციიდან $22 მილიონი ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში ტრამპის მომავალი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მშენებლობისთვის იყო განკუთვნილი.

YouTube-ი დანაშაულს არ აღიარებს, შესაბამისად, პროდუქტსა თუ პოლიტიკაში ცვლილებებს არ შეიტანს. ცნობისთვის, დონალდ ტრამპს 2021 წელს ანგარიში არ გაუქმებია, თუმცა ახალი კონტენტის ატვირთვა აეკრძალა. ამ უკანასკნელის შესაძლებლობა დონალდ ტრამპს 2023 წელს აღუდგა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.