მოლდოვის, ნორვეგიისა და რუმინეთის საგაერო საქმეთა სამინისტროებმა საქართველოში 4 ოქტომბერს გამართულ არჩევნებსა და არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე განცხადებები გამოაქვეყნეს.
„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს თბილისში ბოლო დროს მომხდარი ძალადობის ფონზე. მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ, დიალოგისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემისკენ. დემოკრატია არ მიიღწევა ძალის გამოყენებით; ძალადობა ძირს უთხრის ევროპულ ღირებულებებს, რომელთა დაცვისკენაც საქართველო ისწრაფვის“, – წერია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„სამწუხარო დღეა საქართველოში დემოკრატიისთვის. ეუთო/ოდირი ვერ აკვირდება ადგილობრივ არჩევნებს, მათი რეკომენდაციები გათვალისწინებული არ იქნა. სამწუხაროა ძალადობის გამოყენება.
რეპრესიული კანონები და ოპოზიციის ლიდერების დაკავება საქართველოს არჩევნების მიმართ ნდობას კიდევ უფრო ამცირებს“, — ვკითხულობთ ნორვეგიის საგაერო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„რუმინეთი ქართველი ხალხისა და მათი ლეგიტიმური დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების გვერდით დგას. ფუნდამენტური უფლებების, კანონის უზენაესობისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლების დაცვა განხილვას არ ექვემდებარება. ეს ყველა არის ევროპული ღირებულებები, რომლებსაც ვაფასებთ და ერთად უნდა დავიცვათ“, – განაცხადა რუმინეთის საგაერო საქმეთა მინისტრმა, ოანა ცოიუმ.
4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, რომელსაც ოპოზიციური პარტიები დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა. არჩევნების პარალელურად თბილისში, პარლამენტის წინ მასშტაბური აქცია გაიმართა. მოქალაქეების ნაწილი პრეზიდენტის სასახლისკენ გაემართა და ეზოს მესერი შეანგრა. პოლიციის დანაყოფებმა მათ რეზიდენციის ეზოსა და შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს, რისთვისაც სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გამოიყენეს. პრეზიდენტის სასახლესთან რუსთაველის გამზირზე მყოფმა პროტესტის მონაწილეებმაც გადაინაცვლეს, რომელთა დასაშლელად საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლი და გაზის კაფსულები გამოიყენა.