OpenAI კომპანია AMD-სგან AI-ჩიპებს შეიძენს | მრავალმილიარდიანი შეთანხმების დეტალები

OpenAI კომპანია AMD-სგან AI-ჩიპებს შეიძენს | მრავალმილიარდიანი შეთანხმების დეტალები

ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტ OpenAI-სა და AMD-ს შორის მრავალმილიარდდოლარიანი შეთანხმება გაფორმდა. გარიგების ფარგლებში, OpenAI ნახევარგამტარების ამერიკული მწარმოებლისგან 6 გიგავატი მოცულობის AI-ჩიპებს შეიძენს. საწყის 1 გიგავატის ჩიპებს ChatGPT-ის შემქმნელი კომპანია 2026 წელს მიიღებს.

შეთანხმების პირობებით, ჩიპების შესყიდვის დასრულების დროისთვის, OpenAI პარტნიორი კომპანიისგან სიმბოლურ ფასად 10%-იანი წილის შეძენასაც შეძლებს. საუბარია AMD-ის 160 მილიონამდე აქციაზე, რომელთა ღირებულებაც $0.01-ად შეფასდება.

თუმცა OpenAI ამ წილს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ AMD-ის აქციების ღირებულება კონკრეტულ საფასო ნიშნულს მიაღწევს. გამომდინარე აქედან, ჩიპების შეძენაც რამდენიმე ტრანშად განხორციელდება. ხოლო იმისათვის, რომ OpenAI-მ 10%-იანი წილი მიიღოს, ბოლო გადახდისთვის, AMD-ის აქციების ღირებულება $600-მდე უნდა იყოს გაზრდილი, რაც არსებულზე 3-ჯერ მეტია.

AMD-სგან მიღებულ ჩიპებს OpenAI თავის მომავალ AI-მონაცემთა ცენტრებში გამოიყენებს. გარიგება ახლა მარეგულირებელ ორგანოშია წარდგენილი და დამტკიცებას ელოდება. რაც შეეხება AMD-ს, კომპანია იმედოვნებს, რომ გარიგება მას ათობით მილიარდი დოლარის შემოსავალს მოუტანს და აქციების ღირებულებას სამიზნე $600-იან ნიშნულამდეც გაზრდის.

ცნობისთვის, ორშაბათს, სავაჭრო სესიის გახსნის შემდეგ, AMD-ის აქციების ღირებულება 30%-ზე მეტით გაიზარდა და $215-ს მიაღწია, რაც 2016 წლის აპრილის შემდეგ, აქციების ფასის ყველაზე მაღალი ერთდღიანი ზრდაა. AMD-ის აქციების ფასის ზრდის გავლენით, დაახლოებით $241 მილიონით გაიზარდა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ლისა სუს ქონება და ახლა, $1.4 მილიარდს აღწევს.