მასკის xAI $20 მილიარდის დაფინანსების მიღებისთვის ემზადება | ინვესტორებს შორისაა Nvidia

მასკის xAI $20 მილიარდის დაფინანსების მიღებისთვის ემზადება | ინვესტორებს შორისაა Nvidia

ილონ მასკის მიერ დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი xAI, დაფინანსების უახლეს რაუნდში, $20 მილიარდის მიღებისთვის ემზადება – თითქმის ორჯერ მეტის, ვიდრე კომპანია თავდაპირველად პროგნოზირებდა. კომპანიის უმსხვილს ინვესტორებს შორის ჩიპების ამერიკული მწარმოებელი Nvidia იქნება, რომელიც xAI-ის $2 მილიარდის ღირებულების აქციებს შეიძენს.

ინვესტირება სპეციალური ფონდის საშუალებით განხორციელდება, რომელიც აქციების შესყიდვასა და ფულადი ვალდებულების მიღებას მოიცავს. გარიგების პირობებით, მიღებული თანხის ნაწილი Nvidia-ს ჩიპების შესყიდვას მოხმარდება, რომელსაც xAI შემდგომში, მემფისში მდებარე თავისი ახალი მონაცემთა ცენტრისთვის, Colossus 2-ისთვის იჯარით აიღებს.

მასკის ხელოვნური ინტელექტის სტარტაპის სხვა მსხვილ ინვესტორებს შორის არიან Apollo Global Management-ი, Diameter Capital-ი და Valor Capital-ი. პირველადი შეფასებით, ინვესტიციის მოცულობა $20 მილიარდს აღწევს, რომლიდანაც დაახლოებით $7.5 მილიარდი კაპიტალით (აქციები), დარჩენილი $12.5 მილიარდი კი ფულადი ვალდებულების, შესაბამისად, სესხის სახით განხორციელდება.

Nvidia-ს ინვესტიცია $2 მილიარდამდე ფასდება და ის xAI-ს ხელოვნური ინტელექტის პროექტების განვითარებაში დაეხმარება. გარიგება ინვესტორებს Nvidia-ს ჩიპების გაქირავებით შემოსავლის მიღების საშუალებას მისცემს, ხოლო xAI, თავისი ხელოვნური ინტელექტის სისტემების განვითარებისთვის საჭირო დაფინანსებას მიიღებს. xAI ამერიკული კომპანიის ჩიპების დაქირავებას ხუთი წლის ვადით გეგმავს.

მიმდინარე წელს, xAI-მა უკვე $10 მილიარდის დაფინანსება მოიზიდა, თუმცა კომპანია თვეში დაახლოებით $1 მილიარდს ხარჯავს, რაც მას დამატებითი ინვესტიციების მიღების საჭიროებას უქმნის. მასკმა ინვესტიციისთვის თავის სხვა კომპანიებს, მათ შორის Tesla-სა და SpaceX-საც მიმართა. ცნობისთვის, უკანასკნელი დაფინანსების რაუნდით, xAI-ის ღირებულება $200 მილიარდად ფასდება.

იხილეთ ასევე: მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული კერძო კომპანია