Henley Passport Index-ის მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგის გამოქვეყნების დაწყებიდან პირველად, ამერიკის შეერთებული შტატები სიის ათეულს მიღმა დარჩა. ამერიკელებს ახლა მსოფლიოს 180 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა, 13-ით ნაკლებში, ვიდრე ყველაზე ძლიერი, სინგაპურის პასპორტის მფლობელებს. განახლებულ სიაში აშშ მე-12 პოზიციაზეა, რომელსაც მალაიზიასთან ინაწილებს.
2025 წლის დასაწყისში, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგში ამერიკის შეერთებული შტატები მე-9 პოზიციას იკავებდა, თუმცა ივლისში სამი პოზიციით, მე-10-ზე ჩამოქვეითდა. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის წარმომადგენელი აშშ-ის უკან დაწევას ქვეყნის „იზოლაციონისტურ აზროვნებას“ უკავშირებს.
უფრო კონკრეტულად კი, ჰენლის ინდექსში შეერთებული შტატების რეიტინგი თავად ქვეყნის მიდგომიდან გამომდინარეობს. მაშინ როდესაც აშშ-ის პასპორტის მფლობელებს მსოფლიოს 227 ადგილიდან 180-ში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა, თავად შეერთებული შტატები იმავე პრივილეგიას მხოლოდ სხვა 46 ქვეყნის მოქალაქეს აძლევს. ეს პოლიტიკა Henley-ის ღიაობის ინდექსში მას 77-ე ადგილზე აყენებს, რითაც ერაყს ერთი პოზიციით ჩამორჩება.
Henley & Partners-ის შეფასებითვე, აშშ-ის წლევანდელი დაქვეითება აპრილში ბრაზილიასთან უვიზო მიმოსვლის უფლების დაკარგვით დაიწყო, რაც ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის ნაკლებობით იყო გამოწვეული. ამის შემდგომ კი, ჩინეთმა შეერთებული შტატები უვიზო ქვეყნების სიაში არ შეიყვანა. Henley-ის პრესრელიზის თანახმად, ათეულიდან აშშ-ის გავარდნის მიზეზებად სომალის მიერ ახალი ელექტრონული ვიზის სისტემის დანერგვა და ვიეტნამის გადაწყვეტილება იქცა, გამოერიცხა აშშ უვიზო მიმოსვლის უახლესი დამატებებიდან.
ამჟამად მსოფლიოს უძლიერესი პასპორტის სტატუსს კვლავ სინგაპური ინარჩუნებს. სინგაპურის პასპორტის მფლობელებს მსოფლიოს 227 მიმართულებიდან უვიზოდ მგზავრობა 193-ში შეუძლიათ. მეორე პოზიციაზე სამხრეთი კორეაა – 190 მიმართულებით უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით. ხოლო იაპონია, რომელიც წლის დასაწყისში მეორე ადგილს იკავებდა, ახლა სამეულის ბოლოსაა – 189 მიმართულებით.
ცნობისთვის, Henley Passport Index-ი რეიტინგს „საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის“ (IATA) ექსკლუზიურ მონაცემებზე დაყრდნობით ადგენს. განახლებულ რეიტინგში საქართველო 123 უვიზო მიმართულებით 46-ე პოზიციას კირიბატთან იყოფს. ყველაზე სუსტი პასპორტი კი კვლავ ავღანეთს, სირიას და ერაყს აქვთ, შესაბამისად, 24, 26 და 29 უვიზო მიმართულებით.
წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების განახლებულ ათეულს:
- სინგაპური (193)
- სამხრეთი კორეა (190)
- იაპონია (189)
- გერმანია, იტალია, ლუქსემბურგი, ესპანეთი, შვეიცარია (188)
- ავსტრია, ბელგია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, ირლანდია, ნიდერლანდები (187)
- საბერძნეთი, უნგრეთი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პორტუგალია, შვედეთი (186)
- ავსტრალია, ჩეხეთი, მალტა, პოლონეთი (185)
- ხორვატია, ესტონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, გაერთიანებული სამეფო (184)
- კანადა (183)
- ლატვია, ლიხტენშტაინი (182)