რუსული ნავთობის უმსხვილესი ინდური შემსყიდველი Reliance-ი ამბობს, რომ დასავლეთის სანქციებს დაემორჩილება

რუსული ნავთობის უმსხვილესი ინდური შემსყიდველი Reliance-ი ამბობს, რომ დასავლეთის სანქციებს დაემორჩილება

ინდოეთის ნავთობის გადამმუშავებელი უმსხვილესი კომპანია Reliance Industries Ltd აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს დაემორჩილება, თუმცა მოქმედ მომწოდებლებთან თანამშრომლობას განაგრძობს.

ცნობისთვის, Reliance-ს, რომელსაც მილიარდერი მუკეშ ამბანი აკონტროლებს და რომელიც მსოფლიოში უდიდეს გადამმუშავებელ კომპლექსს მართავს ჯამნაგარში, დასავლეთ გუჯარათის შტატში, გრძელვადიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული რუსეთის ნავთობგიგანტ Rosneft-თან, რომელიც დღეში თითქმის 500,000 ბარელი ნედლი ნავთობის შესყიდვას ითვალისწინებს.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის გაგრძელების გამო, აშშ-მა, ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტი აამოქმედეს. მათ შორისაა აშშ-ის მიერ ხუთშაბათს გამოცხადებული შეზღუდვები რუსულ ენერგოკომპანიებზე – Lukoil-სა და Rosneft-ზე. ამერიკულმა მხარემ კომპანიებს მიუთითა, მათთან ყველა ტრანზაქცია 21 ნოემბრამდე დაასრულონ.

ამავდროულად, ევროკავშირმა დაამტკიცა სანქციების მე-19 პაკეტი, რომელიც 2025 წლის 21 იანვრიდან კრძალავს იმ საწვავის იმპორტს, რომელიც რუსული ნავთობის გამოყენებით არის მიღებული ან გადამუშავებული.

„როგორც ინდუსტრიაში ჩვეულებრივ ხდება, მიწოდებასთან დაკავშირებით კონტრაქტები ბაზრისა და მარეგულირებელი პირობების ცვლილების შესაბამისად იცვლება. Reliance-ი მომწოდებლებთან ურთიერთობის შენარჩუნებისას ამ პირობებს გაითვალისწინებს“, – განაცხადა კომპანიის პრესსპიკერმა Reuters-ისთვის გაგზავნილ წერილში, თუმცა, როგორც მედიასააგენტო წერს, Rosneft-თან კონტრაქტი არ უხსენებია.

მედიის ინფორმაციით, Reliance-ი უახლოეს პერიოდში Rosneft-ისგან ნავთობის იმპორტის შეწყვეტას გეგმავს, თუმცა ის რუსულ ნავთობს შუამავლების მეშვეობითაც ყიდულობს.

კომპანიამ აღნიშნა, რომ დაიცავს ევროკავშირის მოთხოვნებს ნავთობპროდუქტების იმპორტის შესახებ და განაგრძობს დივერსიფიცირებულ ნავთობის შესყიდვებს, რაც, მისივე ინფორმაციით, საშუალებას მისცემს ევროპულ სანქციებთან ადაპტირდეს და ოპერაციების სტაბილურობა შეინარჩუნოს.