გასულ კვირას თბილისს ეწვია დუბაის პალატების დელეგაცია, რომელიც მოიცავდა 15 კომპანიის წარმომადგენელს დუბაიდან. ისინი ბიზნესის საქართველოში გაფართოებაზე მუშაობენ. 21 ოქტომბერს, ორმხრივი შეხვედრების შემდეგ, დუბაის პალატებმა შერატონ მეტეხი პალასში გამართა ბიზნეს–ფორუმი Doing Business in Georgia. ფორბსი სწორედ აქ ესაუბრა სალემ ალშამსის, დუბაის პალატების აღმასრულებელ ვიცე–პრეზიდენტს საერთაშორისო ურთიერთობებში. ჩვენი საუბარი შეეხო ვიზიტის შედეგებსა და დუბაი–საქართველოს ბიზნეს–ურთიერთობების მომავალს.
ბატონო ალშამსი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში. თქვენი დელეგაცია თბილისს ეწვია “ახალი ჰორიზონტების ინიციატივის” ფარგლებში, სომხეთში ჩასვლამდე. რატომ გადაწყვიტეთ აქ ჩამოსვლა? რა გამოარჩევს ქართულ ბაზარს თქვენი კომპანიებისთვის?
გმადლობთ მასპინძლობისთვის. აქ ჩამოსულს მჯერა, რომ თბილისი და ზოგადად, საქართველო, იმედისმომცემი ადგილია. თუ ნებას მომცემთ, მოგიყვებით ჩვენი დელეგაციის მიზნების შესახებ.
ეს ჩვენი ფართო ვალდებულების ნაწილია დუბაის ბიზნესის საზოგადოების მიმართ, რათა მათთვის ახალი ბაზრები მოვიკვლიოთ. ქართული ბაზარი ახლოსაა. გასულ წელს ჩვენ რეალური პროგრესი ვნახეთ ჩვენს მთავრობებს შორის უმაღლესი დონის ურთიერთობების კუთხით. ჩვენ მხარს ვუბამთ იმ შეთანხმებებსა და ხედვას, რაც არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს საქართველოსთან აკავშირებს. ძალაში შევიდა CEPA (ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება), რომელმაც დუბაისა და საქართველოს შორის ორმხრივი ვაჭრობის ზრდა გამოიწვია.
თუ ბოლოდრიონდელ სტატისტიკას ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ დუბაისა და საქართველოს შორის არასანავთობო ორმხრივმა ვაჭრობამ 761 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ვხედავთ იმასაც, თუ როგორ იზრდება ქართული კომპანიების რაოდენობა დუბაიში. ახლა ჩვენთან 116 ქართული კომპანიაა მოქმედი, საიდანაც 16 შემოგვიერთდა 2025 წლის პირველ ნახევარში. ეს დამაიმედებელი რიცხვია.
არასანავთობო ვაჭრობას რომ დავუბრუნდე, 58%-იანი ზრდა გვაქვს, რაც ბევრს მატებს იმას, რაც საქართველოში ხდება. ამდენად, საქართველოს აღვიქვამ იმედისმომცემ ბაზრად ჩვენი ბიზნესისთვის. ამაში მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას – ის დამაკავშირებელი ჰაბია აზიასა და ევროპას შორის.
სამომავლოდ, რა სახის ბიზნეს–შესაძლებლობებს ხედავთ დუბაისა და ქართულ კომპანიებს შორის?
ნება მიბოძეთ, გაგაცნოთ ჩვენი პერსპექტივა ქართულ ბიზნეს საზოგადოებაზე. მსურს, მოგიყვეთ დუბაის ფართო გეგმაზე, რომელსაც ჰქვია “დუბაი 33”. ეს მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქთუმის (საამიროების ვიცე–პრეზიდენტი, პრემიერ–მინისტრი და დუბაის მმართველი) თამამი განცხადებაა, რომლის მიზანი ათ წელიწადში, 2023-დან 2033 წლამდე, დუბაის საამიროს მთლიანი შიდა პროდუქტის გაორმაგებაა. დუბაის პალატებს მნიშვნელოვანი როლი აქვს, მოიკვლიოს სხადასხვა სექტორი, რომელიც ამ დღის წესრიგს შეესაბამება.
თქვენი შეკითხვის პასუხად რომ დავაკონკრეტო, ვნახეთ, როგორ გაიზარდა საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექტონოლგიების სექტორი საქართღველოში. გვესმის, რომ ტრადიციული სექტორები ზრდას განაგრძობს, მაგრამ ჩვენ სინერგიებს ვეძებთ. ერთ–ერთი სწორედ ესაა და საამისოდ დუბაიში კარგი პლატფორმები გვაქვს.
დუბაის პალატებს შეუძლია, ამ სექტორებს სარგებელი მოუტანოს. მაგალითად, გასულ კვირას, ჩვენმა ერთ–ერთმა ორგანიზაციამ, დუბაის ციფრული ეკონომიკის პალატამ, ჩაატარა კონფერენციები GITEX და Expand North Star. ჩვენ 2000-ზე მეტ სტარტაპს და 1200-ზე მეტ ინვესტორს ვუმასპინძლეთ, რომლებიც ჯამში 1.1 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტის აქტივებს მართავენ. ჩვენ გვაქვს არაერთი ინიციატივა, რომელიც ამ სტარტაპებს ეხმარება. მაგალითად, Founders HQ, დუბაის ციფრული ეკონომიკის პალატისა და დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლობის შედეგია, ეხმარება სტარტაპების ეკოსისტემას.
ამ ჰაბის მიზანია, დუბაი დამფუძნებლების დედაქალაქი გახდეს. ჩვენ ყველა სტარტაპს და დამფუძნებელს მივესალმებით დუბაიში, ხელს ვუწყობთ ზრდაში და გვაქვს ორი მთავარი მიზანი – 30 კომპანია „უნიქორნად“ ვაქციოთ და 400 მცირე ან საშუალო კომპანიას გაზრდაში დავეხმაროთ.

რა იყო თბილისში გამართული შეხვედრების მთავარი შედეგი?
გუშინ და დღეს ჩვენი ბიზნეს დელეგაცია სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდებოდა. ისინი ცხრა სექტორს წარმოადგენდნენ, მაგრამ ამით არ შემოვიფარგლებით. ქართულ ბიზნესთან ინტერაქციას მხოლოდ ამ B2B შეხვედრების შემდეგ არ შევწყვეტთ.
ქართული ბიზნესის მხრიდან ვხედავთ ინტერესს იმ კომპანიებში, რომლებიც ჩამოგვყვნენ. ჩვენი მხრივ, ჩამოვედით, რათა მოგვესმინა იმ დაინტერესებულ მხარეთათვის, ვინც დღეს შემოგვიერთდა, გაგვეგო, თუ როგორ შეგვიძლია ურთიერთობების გაძლიერება და როგორია მათი სტრატეგიული ხედვა ჩვენი რეგიონისა და კონკრეტულად, დუბაის მიმართ.
ჯერჯერობით სავაჭრო მისია იმედისმომცემია, ისევე როგორც ის უკუკავშირი, რაც დელეგატებისგან მივიღე.
ჩვენ ასევე გვქონდა შეხვედრები ეკონომიკის სამინისტროსთან, სავაჭრო პალატასთან და საინვესტიციო უწებასთან. საუბრისას სხვადასხვა იდეა წამოიჭრა და ვხედავთ, რომ მთავარი პრიორიტეტი ჩვენს შორის ორმხრივი დელეგაციების რაოდენობის ზრდაა.
ამაზე მეტი მუშაობა გვჭირდება და შევთანხმდით, რომ ასეც ვიზამთ. ამჟამად ვხედავთ, რომ სავაჭრო დელეგაციები ყურადღებას აქცევენ დიდ ღონისძიებებს ქალაქ დუბაიში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ. მთელი წლის განმავლობაში უნდა ვმუშაობდეთ, რათა ამ დელეგაციებს სწორ პლატფორმებს ვთავაზობდეთ ბიზნეს–შესაძლებლობების აღმოსაჩენად.
ახსენეთ, როგორ მოიმატა შარშან ვაჭრობამ საქართველოსა და დუბაის შორის. რა იყო ამის მიზეზი და როგორ უყურებთ ამ მხრივ მომავალს?
როგორც მოსალოდნელი იყო, ზრდის დიდ პოტენციალს ვხედავთ. ამისი მამოძრავებელი სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მონდომებაა, რაც ორივე ბაზრის ურთიერთგაგებას უწყობს ხელს. იმ გამოცდილებიდან, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაგვიგროვდა, დუბაის ბიზნესი ეძებს, რა არის ახალი და სად შეიძლება, სასარგებლო აღმოჩნდნენ.
დუბაიში გვესმის, რომ ჩვენი წარმატების ისტორია მხოლოდ ჩვენი არაა. ეს საზიარო წარმატების ისტორიაა. როგორ შეგვიძლია ჩვენ, როგორც დუბაის ბიზნეს–საზოგადოების წარმომადგენლები, ვეხმარებოდეთ სხვადასხვა ბაზარს ან სხვებს ვუზიარებდეთ იმ წარმატებას, რაც დუბაის გასულ წლებში ჰქონდა?
ვფიქრობ, წინსვლას ასაზრდოებს ამბიცია, გარესამყაროზე ორიენტირებული ურთიერთობა ჩვენს წარმომადგენლებსა და სხვა ბაზრებს შორის და შესაბამისი ბაზრების სტუმართმოყვარე დამოკიდებულება. ამ შემთხვევაში ასეთი საქართველოა, სადაც ჩვენი დელეგაცია დიდი ენთუზიაზმით მიიღეს. იმ საუბრებში, რაც აქ გვქონდა, გივე ენთუზიაზმი დავინახეთ, რომ მეტი ვაკეთოთ. სწორედ ესაა წარმატებისა და ზრდის მამოძრავებელი.

ისაუბრეთ 116 ქართულ კომპანიაზე, რომლებიც დუბაის სავაჭრო პალატის აქტიურ წევრებად არიან დარეგისტრირებულნი. რითი უწყობთ მათ ხელს დუბაის ბიზნესის ეკოსისტემაში ჩართვას?
კარგი შეკითხვაა. დუბაის პალატებში გვაქვს კონსიერჟის სერვისი, რითაც ჩვენი გუნდი ეხმარება სხვადასხვა ბიზნესს მაგალითად იმაში, თუ როგორ დაიწყონ ბიზნესი ჩვენს ქალაქში. ჩვენ მათ გზაზე ვაყენებთ ინფორმაციის მიწოდებისა და რეგისტრაციის პროცესში დახმარების კუთხით.
ოღონდ ამაზე არ ვჩერდებით. წელს შემოვიღეთ შემდგომი დახმარების სერვისი, რასაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ჩვენ ვიკვლევთ, რა ბარიერებს შეიძლება წააწყდეს ბიზნესი და ვეხმარებით მათ გადალახვაში, ინვესტორებთან დაკავშირების თუ მყიდველების პოვნის კუთხით. საბოლოოდ, დუბაის პალატები მათ სხვა ბაზრებზე შესვლაშიც ეხმარება დუბაიში დაფუძნების შემდეგ. ვფიქრობ, შემდგომი დახმარების სერვისის შემოღებით წრე შევკარით – ახლა მათ ახალი ბაზრების მოძიებაშიც ვეხმარებით.
დუბაის უნიკალური მახასიათებელი ისაა, რომ მას შეუძლია, ქართული კომპანიებისთვის ტრამპლინი აღმოჩნდეს. ამაში იმას ვგულისხმობთ, რომ ჩვენ ბაზა ვართ, საიდანაც ქართულ კომპანიებს შეუძლიათ, სხვა ბაზრებზე გავიდნენ. საქართველოში ჩვენი დისკუსიები იმასაც მოიცავდა, თუ როგორ შეუძლიათ ქართულ კომპანიებს, დუბაის ადგილმდებარეობით და ურთიერთობებით ისარგებლონ.
დუბაის პალატებს 37 საერთაშორისო ოფისი აქვს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს ოფისები ამა თუ იმ ბაზრის კარიბჭეა. ვთქვათ, ქართული კომპანია დუბაიში ჩამოვიდა, ბიზნესი წამოიწყო და აფრიკაში ან ლათინურ ამერიკაში სურს გაფართოება. სწორად ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია მათი დახმარება. მაგალითად, ლათინურ ამერიკაში ოთხი ოფისი გვაქვს, აფრიკაში – შვიდი.
შევეხეთ ქართულ კომპანიებს, რომლებიც დუბაიში საქმიანობენ. ახლა მეორე მხრიდან შევხედოთ – საქართველოში რომელ სექტორებში ხედავთ ყველაზე დიდ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის კომპანიებისთვის?
იმას ვხედავ, რომ ბევრი შესაძლებლობაა. მაგრამ თუ ფოკუსი გვექნება, ვთქვათ, სამ სექტორზე და წარმატებას მივაღწევთ, ეს სხვებსაც მოიზიდავს. მე უკვე ვახსენე საინფორმაციო ტექნოლოგიები და სტარტაპ–გარემო. ვფიქრობ, ამაზე უნდა გვქონდეს სწორება – ვეხმარებოდეთ მათ დუბაის ეკოსისტემაში გზის გაკვალვასა და ინვესტორების მოძიებაში.
როგორც აქ მითხრეს, საქართველოში უძრავი ქონების ბუმია, ისევე როგორც კვების ინდუსტრიის. კვების ინდუსტრია ნამდვილად იმედისმომცემია საქართველოში, თხილისა და კენკრის ჩათვლით.

და ბოლოს, რა არის თქვენი გზავნილი იმ ქართველი ბიზნესმენებისადმი, ვინც დუბაიში გაფართოებას განიხილავენ?
პირველყოვლისა გვსურს, ქალაქ დუბაიში მივიღოთ და ჩვენი სტუმართმოყვარეობით ვასიამოვნოთ. ბიზნესის კუთხით, გვსურს იცოდნენ, როგორ შეუძლია დუბაის პალატებს მათი დახმარება ჩვენი ბიზნესის ეკოსისტემაში შემოსვლასა და იმითი სარგებლობაში, თუ რასაც ვთავაზობთ. როგორც უკვე ვთქვი, კონსიერჟის სერვისი მათ ეხმარება, დაუკავშირდნენ დაინტერესებულ მხარეებს ბიზნეს–საზოგადოებაში. ასევე მსურს, მხოლოდ დუბაიზე გაჩერებაზე არ იფიქრონ და გამოიყენონ სხვა ბაზრებზე გასაფართოებლად.











