„ბაზისბანკმა“ „ლიბერთი ბანკის“ 95.99%-იანი წილი ₾674.1 მილიონად შეიძინა

„ბაზისბანკმა“ „ლიბერთი ბანკის“ 95.99%-იანი წილი ₾674.1 მილიონად შეიძინა

საქართველოს საფონდო ბირჟის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ბაზისბანკმა“ „ლიბერთი ბანკის“ 4,270,672,478 აქცია 674.1 მილიონ ლარად შეიძინა, რაც $250 მილიონს უტოლდება. 15 აპრილს განხორციელებული ტრანზაქციის შედეგად, „ბაზისბანკი“ „ლიბერთი ბანკის“ 95.99%-იანი წილის მფლობელი გახდა.

„ლიბერთი ბანკის“ ინფორმაციით, მისი აქტივები 5.8 მილიარდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.2 მილიარდი ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4.17 მილიარდი ლარი. მისივე ცნობით, ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონ ლარს უტოლდება.

რაც შეეხება „ბაზისბანკს“, 2025 წლის ფინანსური შედეგებით, მისი მთლიანი აქტივები 4.9 მილიარდ ლარს შეადგენს, საკრედიტო პორტფელი 3.3 მილიარდი ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 3.5 მილიარდი ლარი. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 122.4 მილიონ ლარს უტოლდება.

შესაბამისად, ორი ფინანსური ინსტიტუტის გაერთიანების შედეგად ყალიბდება საბანკო სექტორის მოთამაშე, რომლის ჯამური აქტივები დაახლოებით 11 მილიარდ ლარს უტოლდება, საკრედიტო პორტფელი თითქმის 8 მილიარდ ლარს აღწევს, ხოლო დეპოზიტები ასევე 8 მილიარდ ლარამდეა. ამასთან, გაერთიანების შემდეგ წლიური წმინდა მოგება 250 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ გასხვისებამდე „ლიბერთი ბანკის“ მფლობელებს შორის იყვნენ: ირაკლი რუხაძე (31.38%), იგორ ალექსეევი (31.38%), ბენჯამინ ალბერტ მარსონი (31.38%). ცნობისთვის, Forbes Georgia-ს შეფასებით, რუხაძის ქონება თითქმის 2.23 მილიარდ ლარს აღწევს, რაც მას საქართველოში მეოთხე უმდიდრეს მეწარმედ აქცევს.