საბა ხელაშვილმა ადვოკატის პროფესია ბავშვობაშივე აირჩია და ამ არჩევანის ერთგული დარჩა. მიუხედავად დიდი კონკურენციისა, მან დამოუკიდებლად ჩამოაყალიბა საკუთარი ოფისი „ხელაშვილი & პარტნიორები“ და დღეს მაღალპროფილურ სისხლის სამართლის საქმეებს უძღვება. ინტერვიუში ის გვიყვება, რა გამოწვევებს აწყდებიან ადვოკატები კარიერულ გზაზე საქართველოში, როგორ აკავშირებს წარმატებას პრინციპებთან და გვიზიარებს საკუთარი დაცვის სტილსა და მეთოდოლოგიას.
ავტორი: იზა გვარამაძე
საბა, პირველ რიგში, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს პროფესია ზუსტად იმ დღეს ავირჩიე, როდესაც დედამ სკოლაში პირველად მიმიყვანა. მან მითხრა, რომ გაიზრდები, ადვოკატი უნდა გამოხვიდეო. მაშინ გადავწყვიტე, რომ ადვოკატი გამოვსულიყავი და ეს ოცნება არასდროს შემიცვლია.
ჰობიც შესაბამისი მქონდა სასკოლო ასაკში: Amazon-დან ჯერი სპენსისა და სხვა ცნობილი ამერიკელი ადვოკატების წიგნებს ვიწერდი ხოლმე. ამ წიგნებმა ბევრი რამ მასწავლა – განსაკუთრებით მოწმეთა დაკითხვის წარმოების, ეფექტური შესავლისა და დასკვნითი სიტყვების წარმოთქმის, შედეგიანი გამოძიების ჩატარებისა და მოლაპარაკებების კუთხით.
ამ წიგნების მთავარი სათქმელი მაინც ის არის, რომ შენი პროფესია უნდა გიყვარდეს, თუმცა ადვოკატირების მიმართ მე ცოტა უფრო ამაღლებული დამოკიდებულება მაქვს. ალბათ, ესეც იმ შთაგონების ნაწილია, რომელიც პირველ სექტემბერს, სკოლაში პირველად მისვლის დროს მივიღე.
რა გამოწვევები შეგხვდათ კარიერის საწყის ეტაპზე?
სისხლის სამართლის ადვოკატი რამდენიმე წლის წინ გავხდი და მაშინ ადვოკატთა ასოციაციას უკვე 5100 მოქმედი წევრი ჰყავდა. ახლა ეს რიცხვი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ყოველწლიურად კიდევ უფრო იმატებს.
სისხლის სამართლის საქმე ყოველთვიურად ბაზარზე სულ რაღაც 1000-1500 ერთეულია. მათ დიდ ნაწილს იურიდიული დახმარების სამსახური აწარმოებს, ხოლო რამდენიმე ასეული საქმისთვის რამდენიმე ათასი კერძო ადვოკატი იბრძვის.
ამრიგად, როდესაც ამ სფეროში თავის დამკვიდრება დავიწყე, კონკურენცია ძალიან დიდი იყო. მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც სხვა ადვოკატებს ჩემთან შედარებით უკვე ძალიან დიდი ცნობადობა, ფეისბუკისა და ინსტაგრამის დახვეწილი გვერდები და მსხვილი კლიენტთა ბაზები ჰქონდათ, მე კი ამ დროს სპონსორიც არ მყავდა.
თუმცა სრულიად დამოუკიდებლად მოვახერხე, რომ ძალიან მოკლე დროში კლიენტებისა და საქმეების რაოდენობით უკვე მოწინავე პოზიციაზე აღმოვჩენილიყავი. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ხალხის ჩემდამი ნდობის დამსახურებაა.
თავდაუზოგავი შრომის დამსახურებით, უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მენდობა და მაქვს საკუთარი კლიენტთა ბაზაც. ნდობის საიდუმლო კი არის პროფესიული რეპუტაცია და ის, რომ ფულის გამო კლიენტს არასოდეს ვატყუებ ან ვღალატობ.
ჩემთვის მთავარი არის რეპუტაცია და არა – ფული. ფულს ყოველთვის იშოვი, რეპუტაციის ჩამოყალიბებას კი დრო სჭირდება. მას ფულით ვერასოდეს იყიდი. ჩვენს სფეროში მთავარი სწორედ რეპუტაციაა. სინამდვილეში, ესაა ის, რაშიც კლიენტი თანხას იხდის, თუმცა ზოგი ამას ვერასოდეს მიხვდება.
როგორ მიხვედით წარმატებამდე და რით ზომავთ ამ წარმატებას?
უპირველესად, წარმატების მიღწევის მთავარი ტაქტიკა იყო ერთი რამ – მოვახერხე და თავიდანვე გამოვეთიშე კონკურენციას. ჩემი აზრით, ყველა წარმატებული ადამიანი ასე გახდა ის, ვინც გახდა. შენ უნდა თქვა ახალი სიტყვა, დასახო ახალი ხედვა და აკეთო ახალი საქმე – ის, რაც ჯერ არავის გაუკეთებია. სხვანაირად წარმატების მიღწევა შეუძლებელია, რადგან კონკურენცია, უბრალოდ, ჩაგყლაპავს.
წარმატება კი იზომება დადასტურებული შედეგებით – უკვე ძალიან ბევრი გამამართლებელი განაჩენი მაქვს.
ბევრი ფიქრობს, რომ ადვოკატები ორ ნაწილად იყოფიან: ისეთებად, რომლებიც მხოლოდ გამამართლებელი განაჩენისთვის იბრძვიან და ისეთებად, რომლებიც მხოლოდ საპროცესო შეთანხმებაზე მუშაობენ.
ამ საკითხზე მაქვს ასეთი პასუხი: დიახ და არა.
ერთი მხრივ, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ადვოკატები ზუსტად ისე მუშაობენ, როგორც ექიმები. ძლიერ ექიმს ბევრი პაციენტის გადარჩენა შეუძლია, მან შეიძლება ნობელის პრემიაც მიიღოს მედიცინის დარგში, თუმცა არსებობს დაავადებები, რომელთა წინააღმდეგაც მთელი მედიცინა და, მათ შორის, ნობელის მფლობელი ექიმიც, უძლურია. მხოლოდ იმის გამო, რომ პაციენტი ლეიკემიით გარდაიცვალა, არავინ უნდა მოსთხოვოს პასუხი ექიმს, რომელიც მის გადარჩენას ცდილობდა.
ანალოგიურია ადვოკატების შემთხვევაც – არსებობს საქმეები, რომლებსაც ვიგებთ, მათ შორის, სასწაულებრივად, მაგრამ არსებობს შემთხვევები, სადაც ჩვენ უძლურნი ვართ. ასეთ დროს საკმაოდ ნორმალურია საპროცესო შეთანხმების კარგ პირობებზე ხელის მოწერა.
თუმცა, მეორე მხრივ, არსებობენ ადვოკატები, რომელნიც ყოველთვის არწმუნებენ კლიენტებს, რომ გამამართლებელი განაჩენისთვის ბრძოლას აზრი არა აქვს და საპროცესო შეთანხმება ერთადერთი გამოსავალია, მაშინაც კი, როცა ეს ადამიანი მართლა უდანაშაულოა. ასეთი ადვოკატები ძალიან აზიანებენ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტს.
ასევე, არავინ საუბრობს იმაზე, რომ ადვოკატის შეკრებილ მტკიცებულებებს ხშირად მნიშვნელოვნად შეუძლია შემოთავაზებული არახელსაყრელი პირობების უკეთესობისკენ შეცვლა.
საბოლოოდ, უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელია გამამართლებელი განაჩენისთვის ბრძოლა, როცა კლიენტი უდანაშაულოა, ხოლო, მეორე მხრივ, გამოუვალ სიტუაციებში, ეფექტიანი მოლაპარაკებების წარმართვა უალტერნატივო და მისასალმებელი არჩევანია.
პირადად ჩემს საქმეებში, ამ საკითხში მე არასოდეს ვერევი. კლიენტმა თავად უნდა გადაწყვიტოს, სურს ბრძოლა გამამართლებელი განაჩენისთვის, თუ ხელს აწერს საპროცესო შეთანხმებას. ადვოკატმა მის ყველა გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცეს.
თქვენ მართავთ ოფისს „ხელაშვილი & პარტნიორები” – რომელია თქვენი ძირითადი მიმართულებები სისხლის სამართალში და ვინ არიან თქვენი პარტნიორები?
მე რამდენიმე პროფილით ვმუშაობ. ვიღებ ყველაზე მაღალშემოსავლიან, კომპლექსურ და მაღალი პროფილის სისხლის სამართლის საქმეებს. აღსანიშნავია, რომ თავად ვარჩევ, რომელ საქმეს ავიღებ, რომელზე ვიტყვი უარს და რომელს – გადავცემ კოლეგებს.
ჩემი ვიწრო სპეციალიზაცია შეეხება ფინანსურ, ნარკოტიკულ და საექსტრადიციო საკითხებს. აქტიურად ვმუშაობ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების კუთხითაც, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება აუცილებელი მოგერიების საქმეებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქმეებს ვაწარმოებ ინტერპოლის ფაილების კონტროლის კომისიაშიც, ლიონში. ეს მეტად საინტერესო მიმართულებაა, რადგან საქმე ეხება პირად და სხვა პერსონალიზებულ მონაცემთა დაცვას ინტერპოლის საინფორმაციო სისტემაში გლობალურ დონეზე. მარტივად რომ ითქვას, წითელი ცირკულარის გაუქმება, დიფუზიური ცნობის გაუქმება, საერთაშორისო ძებნიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების „მოხსნა” და სხვა.
რაც შეეხება პარტნიორებს, მე ვთანამშრომლობ ადვოკატებთან, რომელთაც არა მარტო გამოცდილება, არამედ მაღალი კვალიფიკაციაც აქვთ სისხლის სამართლის სფეროში.
რა არის თქვენი, როგორც ადვოკატის დაცვის სტილი და მეთოდოლოგია?
მე არავის ვბაძავ. ყოველთვის ვცდილობ, ყოველ საქმეში ახალი და განსხვავებული მეთოდოლოგია გამოვიყენო, როგორც გამოძიების, ისე სასამართლო განხილვის ეტაპზე.
ყველაზე დიდ ყურადღებას საქმის მასალების ზუსტ ანალიზს ვუთმობ. თუ საქმე ზეპირად არ იცი და მისი ყველა ნიუანსი არ გაიაზრე, ვერაფერს იზამ.
მეორე მხრივ, დაცვა არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე. მნიშვნელოვანია საკუთარი გამოძიების ჩატარება და გამამართლებელი მტკიცებულებების მოპოვება.
ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მოწმეთა ჯვარედინი წესით დაკითხვაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა გამამართლებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება და ბრალდების სამხილები გაყალბებულია.
ასე რომ, უფრო სწორი იქნება, თუ გიპასუხებთ: მე ყოველ კონკრეტულ საქმეში თავად განვსაზღვრავ დაცვის ხაზს და, პარტნიორების ჩართვის შემთხვევაშიც, ყველა გადაწყვეტილებას მე ვიღებ.
რამდენად კარგად მუშაობს დღევანდელი სასამართლო სისტემა ადვოკატებისთვის?
სიმართლე გითხრათ, ეს არის ერთადერთი ორგანო, რომელშიც არანაირი პროგრესი არ შეინიშნება. რაც იყო 1990-იან წლებში, ის არის დღესაც. უფრო მეტიც, მთავარ ბარიერს პროცესზე არა ბრალდების მხარე, არამედ მოსამართლე ქმნის.
სასამართლოს მიმართ ჩემი დამოკიდებულება არის რადიკალურად უარყოფითი. ყველა მოსამართლე გიცინის მანამ, სანამ გამამართლებელ განაჩენს ახსენებ. ამ სიტყვის შემდეგ იწყება ბრძოლა არა მარტო კონკრეტულ მოსამართლესთან, არამედ, ე.წ. „სასამართლო პრაქტიკასთან”, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა მთელი სისტემის მიერ ერთხმად გამოგონილი ტერმინი პროკურატურის უკანონობების დასასაბუთებლად. საკმარისია, ნებისმიერ უკანონობას „პრაქტიკაში ასეა-ისეა” მიაწერონ, რომ ყველაფერი დასაბუთდეს. ეს უბრალოდ მიუღებელია. ეს ტერმინი მათი დასაბუთებიდან რომ ამოიღოთ, არაფერი დარჩება.
როგორ ფიქრობთ, ყველაზე მეტად რა სჭირდება საქართველოს სამართლებრივ სისტემას ცვლილებისთვის?
ამაზე მაქვს ერთადერთი პასუხი: უნდა ჩანაცვლდეს უკლებლივ ყველა მოსამართლე. მე რომ შემეძლოს, უკლებლივ ყველას დაუფიქრებლად გავუშვებდი სისტემიდან და როცა მეტყოდნენ, რა უფლებით გვიშვებ, უვადო მოსამართლეები ვართო, ვუპასუხებდი, „პრაქტიკაში სხვანაირადაა”-მეთქი.
როგორი წარმოდგენა აქვს დღეს საზოგადოებას ადვოკატებზე?
ძალიან კარგი კითხვა დასვით. საზოგადოება, ამ მხრივ, ორ ნაწილად იყოფა: პირველი ნაწილი თაღლითებად მიიჩნევს მათ, მეორე ნაწილს კი ყველაზე სასურველ პროფესიად მიაჩნია. საზოგადოების პირველი ნაწილი მხოლოდ იმით განსხვავდება მეორისგან, რომ ამ მეორეს არასოდეს ჰქონია შეხება ადვოკატებთან.
ადვოკატებზე ასეთი წარმოდგენა, უპირველესად, ჩამოაყალიბა დასავლეთის ქვეყნებში კარგად ცნობილმა პიარ-კამპანიამ, როდესაც მსხვილი იურიდიული ფირმები ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებდნენ და მიზანმიმართულად აფინანსებდნენ ფილმებისა და სერიალების გადაღებას ყოვლისშემძლე ადვოკატებზე. სათაურებიც და სიუჟეტიც ასეთი ჰქონდა ყველა ფილმს, მაგალითად, „ეშმაკის ადვოკატი”.
სწორედ ასე ჩამოყალიბდა ადვოკატის კულტი საზოგადოების პოპკულტურაში. ისინი ყოველთვის ეძებენ არა ადვოკატს, არამედ ვინმე „ბატონ ლომექსს”. შედეგად, ადამიანების ნაწილი ფიქრობს, რომ არსებობენ ადვოკატები, რომლებიც ყველა პრობლემას გადაჭრიან, თუ მას სოლიდურ თანხას გადაუხდიან.
ასეთი ხალხი ჩემთანაც მოდის, მე მათ ვუხსნი, რომ შეუძლებელია ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენისთვის ბრძოლა, რადგან ვიდეოკამერის ჩანაწერებში ჩანს, როგორ უშვერს მათი შვილი ცეცხლსასროლ იარაღს სუპერმარკეტის მოლარეს და სთხოვს თანხას, ამ დროს კი ნიღაბიც არ უკეთია. ისინი სხვა ადვოკატის ძებნას იწყებენ. მეორე დღეს სასამართლოში მხვდება ეს ხალხი ე.წ. „ცნობილ ადვოკატთან” ერთად. და როცა საქმეზე ის შედეგი დადგება, რასაც მე ვეუბნებოდი მათ, ამის მერე ეს ადამიანები გადადიან საზოგადოების პირველი ნაწილის მხარეს.
თქვენი ხედვით, რა თვისებები უნდა ჰქონდეს კარგ ადვოკატს?
პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ადვოკატი არის პროფესიონალი, რომელსაც არავინ ეძებს ინსტაგრამზე ან ფეისბუკზე. ჩვენ გვირჩევენ ჩვენი სახელითა და რეპუტაციით. საზოგადოებამ ადვოკატი უნდა შეაფასოს არა ფეისბუკზე ყოველდღიური პოსტებითა და სურათებზე რეაქციების რაოდენობით, არამედ – დადასტურებული შედეგებით. კარგი ადვოკატიც სწორედ ის არის, ვინც ბევრ ასეთ შედეგს დადებს და არა ის, ვინ სოციალურ ქსელებში თავს უფრო გააპიარებს.
ძალიან ბევრი კოლეგა მყავს, რომლებიც საოცარი ადვოკატები არიან, თუმცა ისინი მანამდე, სანამ საქმეში ვნახავდი, არც ფეისბუკზე შემხვედრია და არც ტელევიზორში. მათ უბრალოდ არ სჭირდებათ პიარი – მათ საკუთარი კლიენტების მსხვილი ბაზები აქვთ და ყველაზე პრიორიტეტული საქმეები მისდით.
ბოლოს, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რას ურჩევდით ახალბედა ადვოკატებს?
უნდა აღინიშნოს, რომ ადვოკატთა კორპუსში ძალიან ძლიერი ნაკადი მოდის. მე ბევრ ღირსეულ თანატოლ ადვოკატს ვიცნობ და მათ ნდობას ვუცხადებ.
ყველაზე კარგი კი არის ის, რომ ბევრი უფროსი თაობის კოლეგა მათ მენტორობას უწევს და ცდილობს, პროფესიულ გზაზე მყარად დააყენოს ახალგაზრდები. ვიცნობ ადვოკატებს, რომლებიც სპონსორობას უწევენ თავიანთ ყოფილ სტაჟიორებს, აძლევენ მათ სისხლის სამართლის საქმეებს და რეკომენდაციებს უწევენ თავიანთ აუდიტორიაში. ასეთი საქციელი ნამდვილად სამაგალითოა.
მე ახალგაზრდა ადვოკატებს ვურჩევდი შემდეგს: ყველას ნუ ენდობით და ნუ გაუცინებთ. ასევე, ნუ შეხვალთ მათთან ფამილარულ ურთიერთობაში. ისინი გიცინიან, თუმცა ზურგს უკან სხვა რამეს ლაპარაკობენ თქვენზე. მე ეს საკუთარი თვალით მაქვს ნანახი.
ასევე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც კლიენტებს ართმევენ სხვა ადვოკატებს და საქმეებში „უხტებიან”.
გირჩევთ, რომ შეძლებისდაგვარად ერიდოთ სხვა ადვოკატის კლიენტისთვის კონსულტაციის გაწევას, თუ უკიდურესი ვითარების წინაშე არ ხართ.
საბოლოოდ, მთავარი არის ერთი რამ: თქვენ ღირსეულ კოლეგებთან მყარი კავშირების გაბმით უფრო მეტ სარგებელს ნახავთ, ვიდრე სხვებზე გადამტერებით. თუ კოლეგებმა შეგამჩნიეს, რომ ფულის გამო ყველაფრის კადრება შეგიძლიათ, არც ისინი გენდობიან და არ ჩაგრთავენ თავიანთ საქმეებში.
S









