ფოტო: Shutterstock
საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტის (IIF) მიერ გამოქვეყნებული უახლესი ანგარიშის თანახმად, მარტის ბოლოსთვის გლობალური ვალის დონემ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და $353 ტრილიონი შეადგინა.
IIF-ის კვარტალური ანგარიშის მიხედვით, აშშ-ის ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნა წელს შემცირებულია, რაც ინვესტორთა მხრიდან აქტივების დივერსიფიკაციაზე მოთხოვნის მატებით აიხსნება. კერძოდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში იაპონურ და ევროპულ სამთავრობო ობლიგაციებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„ეს ხაზს უსვამს იმას, რომ საერთაშორისო ინვესტორთა ნაწილი ამერიკული ფასიანი ქაღალდებისაგან დივერსიფიკაციას ცდილობს“, – აღნიშნა საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტის გლობალური ბაზრებისა და პოლიტიკის მიმართულებით დირექტორმა ემრე ტიფტიკმა.
მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდების $30-ტრილიონიან ბაზარზე „მყისიერი რისკი“ არ არსებობდა, გრძელვადიან პერიოდში აშშ-ის სამთავრობო ვალი „არამდგრად კვალს“ აჩვენებდა. სანაცვლოდ კი იაპონური და ევროზონის ვალის პერსპექტივა უფრო ჯანსაღად გამოიყურებოდა.
ანგარიშის თანახმად, ამჟამად არსებული პოლიტიკის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ აშშ-ის სამთავრობო ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობა ზრდას გააგრძელებს.
IIF-ის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გლობალური ვალის $4.4 ტრილიონით ზრდის დიდი ნაწილი სწორედ შეერთებულ შტატებზე მოდის. ცნობისათვის, გლობალური ვალი უკვე ზედიზედ მეხუთე კვარტალია, იზრდება. უშუალოდ აშშ-ის საგარეო ვალში კი ზრდა ძირითადად მთავრობის მიერ აღებულმა სესხებმა განაპირობა.
გლობალური ვალის გლობალურ ეკონომიკასთან თანაფარდობა 305%-ია. აშშ-ის გარდა, საგარეო ვალის ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ნორვეგიაში, ქუვეითში, ჩინეთში, ბაჰრეინსა და საუდის არაბეთში.
















