დღეს მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე გამოთვლილი სიმდიდრით მოწინავე ქვეყნების ტოპ-ათეულში შვიდი ევროპული სახელმწიფოა. მათი საერთო მახასიათებელი კი მცირე მოსახლეობა, ეკონომიკის მაღალი დონე და ძლიერი სოციალური პროგრამებია.
ქვეყნის სიმდიდრის შეფასება მარტივი არ არის, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე გადანაწილებაა. ამ მაჩვენებლით, აშშ მსოფლიოში სიმდიდრით მერვე ადგილზეა. იქ 2025 წელს ერთ სულზე საშუალო შემოსავალი 89,599 დოლარს შეადგენს.
წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) 2025 წლის მონაცემების მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი ყველაზე მაღალია:
| რეიტინგი | ქვეყანა | ერთ სულ მოსახლეზე მშპ ($) | რეგიონი |
|---|---|---|---|
| 1 | ლიხტენშტეინი | $231,713 | ევროპა |
| 2 | ლუქსემბურგი | $146,818 | ევროპა |
| 3 | რლანდია | $129,132 | ევროპა |
| 4 | შვეიცარია | $111,047 | ევროპა |
| 5 | ისლანდია | $98,150 | ევროპა |
| 6 | სინგაპური | $94,481 | აზია |
| 7 | ნორვეგია | $91,884 | ევროპა |
| 8 | აშშ | $89,599 | ჩრდილოეთი ამერიკა |
| 9 | დანია | $76,581 | ევროპა |
| 10 | მაკაო | $74,921 | აზია |
როგორც ხედავთ, პირველ ადგილზე მყოფ ლიხტენშტეინში საშუალო წლიური შემოსავალი ერთ სულზე $231,713-ს აღწევს. ამ მაჩვენებელზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ის ფაქტი, რომ ქვეყნის სამუშაო ძალის თითქმის 60% მეზობელი ქვეყნებიდან დღიურ მიმოსვლაზეა, რაც მშპ-ის საშუალო მაჩვენებელს ზრდის. მსგავსი ვითარებაა ლუქსემბურგშიც – მეორე ადგილზე მყოფ ქვეყანაშიც სამუშაო ძალის დიდი ნაწილი საზღვარგარეთ მცხოვრები მუშახელია.
მესამე ადგილზე მყოფი ირლანდიის ეკონომიკა განსაკუთრებით გაძლიერდა გადასახადების ხელსაყრელი პოლიტიკის გამო. ბევრი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის ევროპული შტაბბინები სწორედ ამ ქვეყანაშია განთავსებული – მათ შორისაა Google-ი და Meta. ეს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს კიდევ უფრო ზრდის.
მეოთხე და მეხუთე ადგილებზე მყოფი შვეიცარია და ისლანდია სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებენ. ხოლო სინგაპურში, რომელიც მეექვსე ადგილზეა, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 1980 წლიდან 19-ჯერ არის გაზრდილი, რაც ქვეყნის გლობალურ სავაჭრო და ფინანსურ ჰაბად გარდაქმნას უკავშირდება.











