Tesla-ს აქციონერებმა მასკის ანაზღაურების $1-ტრილიონიან გეგმას მხარი დაუჭირეს

Tesla-ს აქციონერებმა მასკის ანაზღაურების $1-ტრილიონიან გეგმას მხარი დაუჭირეს

Tesla-ს აქციონერებმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს — კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს, $1-ტრილიონიანი ანაზღაურების პაკეტი დაუმტკიცეს. იგი ძალაში 2035 წლამდე ეტაპობრივად შევა, იმ შემთხვევაში, თუ Tesla რიგ ამბიციურ ფინანსურ და წარმოებასთან დაკავშირებულ მიზნებს მიაღწევს.

ახალი გეგმის მიხედვით, მასკს ექნება საშუალება, კომპანია 25%-იანი წილით გააკონტროლოს. შეგახსენებთ, ამჟამად Tesla-ში მისი წილი დაახლოებით 12%-ს შეადგენს. ანაზღაურების პაკეტი დამტკიცების გადაწყვეტილებას მხარი აქციონერთა 75%-ზე მეტმა დაუჭირა.

მთავარი მიზნები, რომელთა შესრულებაც მასკს კომპენსაციის მისაღებად მოუწევს, მოიცავს მომდევნო ათწლეულში Tesla-ს ღირებულების $8.5 ტრილიონამდე ზრდას, 20 მილიონი ელექტრომობილის მიწოდებას, 1 მილიონი რობოტისა და 1 მილიონი რობოტაქსის წარმოებას, ასევე “Full Self-Driving” პროგრამის 10 მილიონი გამოწერის გაყიდვას სამთვიან პერიოდში.

Tesla-ს გიგაფაბრიკაში, ოსტინში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც შედეგები გამოცხადდა, მასკი სცენაზე Optimus-ის ორ მოცეკვავე რობოტთან ერთად გამოჩნდა. „შემოგვხედეთ — ეს უბრალოდ საოცარია,“ — აღნიშნა მან.

თუმცა ექსპერტების შეფასებით, მიზნების მიღწევა მხოლოდ ელექტრომობილების მიმართულებით წარმატებას არ ეყრდნობა. Tesla-მ უნდა ლიდერობდეს ავტონომიურ მართვასა და რობოტიკის სფეროებშიც. „კომპანიამ ბაზრის ლიდერობა უნდა მოიპოვოს არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ ევროპასა და სხვა რეგიონებშიც,“ — ამბობს Morningstar-ის ანალიტიკოსი სეთ გოლდსტეინი.

აღნიშნული გადაწყვეტილება მასკისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. მისი წინა, $50-მილიარდიანი კომპენსაციის პაკეტი, 2018 წლიდან სასამართლო დავის საგანია. აქციონერთა ნაწილი ამტკიცებდა, რომ მასკი მის დასამტკიცებლად საბჭოზე გადამეტებულ ზეგავლენას ახდენდა. სწორედ ამ პროცესის ფონზე გადაწყვიტა კომპანიამ დელავერიდან ტეხასში ხელახლა რეგისტრაცია.

Tesla-ს საბჭომ გადაწყვეტილება იმ არგუმენტით გაამართლა, რომ ეს ანაზღაურება მასკის შენარჩუნებისა და მის მოტივაციის გასაძლიერებლად არის აუცილებელი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა კომპანია რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სწრაფად ვითარდება.

ღონისძიებაზე მასკმა ასევე დააანონსა, რომ კომპანია აპრილში დაიწყებს Cybercab-ის — სრულად თვითმართვადი ავტომობილის — წარმოებას, რომელსაც არ ექნება საჭე და გვერდითი ხედვის სარკეები. ამასთან, Tesla გეგმავს რობოტაქსის სერვისის გაფართოებას ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა დალასი, ლას-ვეგასი, მაიამი და ფინიქსი.

კომპანიის გეგმებშია ასევე ახალი თაობის Roadster-ის წარდგენა, რომლისთვისაც Tesla 2017 წლიდან იღებდა წინასწარ შეკვეთებს. ბოლო ინფორმაციით, მისი პრეზენტაცია 2026 წლის 1-ელ აპრილს გაიმართება.