Meta-ს აქციების ფასის ვარდნამ მარკ ცუკერბერგის ქონება თითქმის $5 მილიარდით შეამცირა, რის შედეგადაც კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში მეექვსე ადგილზე დაქვეითდა.
Reuters-ის ცნობით, Meta-ს შიდა დოკუმენტებმა აჩვენა, რომ კომპანიის შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი შესაძლოა რეკლამებიდან მოდიოდეს, რომლებიც თაღლითურ და აკრძალულ პროდუქტებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Meta-ს აქციების ფასი 2.3%-ით დაეცა და ხუთშაბათ დილას დაახლოებით $620.75 შეადგინა. მთლიანობაში, გასული კვირის განმავლობაში აქციების ღირებულება დაახლოებით 17.5%-ით შემცირდა.
ცუკერბერგმა, რომლიც Meta-ს დაახლოებით 13%-იან წილს ფლობს, $4.6 მილიარდი დაკარგა და ამჟამად Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეექვსე ადგილს იკავებს. ცოტა ხნის წინ ის სიაში მესამე ადგილზე იყო და მხოლოდ ლარი ელისონსა ($298.8 მლრდ) და ილონ მასკს ($496.5 მლრდ) ჩამორჩებოდა, თუმცა ახლა მარკ ცუკერბერგს, ელისონსა და მასკთან ერთად, ჯეფ ბეზოსი ($257 მლრდ), ლარი პეიჯი ($235 მლრდ) და სერგეი ბრინიც ($217.9 მლრდ) უსწრებენ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, Reuters-ის ინფორმაციით, Meta-ს შიდა შეფასებით, კომპანიის წლიური შემოსავლების დაახლოებით 10% ($16 მილიარდი) შესაძლოა თაღლითურ რეკლამებსა და აკრძალულ პროდუქტებზე მოდიოდეს. Meta-ს წარმომადგენელმა, ენდი სტოუნმა, გამოცემას განუცხადა, რომ ეს დოკუმენტები „წარმოადგენს შერჩევით შეხედულებას, რომელიც თაღლითობის მიმართ Meta-ს მიდგომას ამახინჯებს“. მისივე თქმით, კომპანიის შიდა შეფასებები უფრო დაბალი იყო და 10%-იანი შეფასება „ბევრ“ კანონიერ რეკლამასაც მოიცავდა. სტოუნმა Reuters-ისთვის განახლებული მონაცემის მიცემაზე უარი განაცხადა.
Reuters-ის წყაროების თანახმად, Meta-ს, სავარაუდო ფინანსური თაღლითური სქემების რეკლამირებისთვის, ასევე იკვლევს აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისია (SEC). ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანომ კი 2023 წელს განაცხადა, რომ Meta-ს პლატფორმები გადახდებთან დაკავშირებული ყველა თაღლითური შემთხვევის 54%-ში იყო ჩართული — ორჯერ მეტში, ვიდრე ყველა სხვა სოციალური ქსელი ერთად.
მიუხედავად ამისა, Meta-ს აქციების ფასი წელს გაზაფხულის ვარდნის შემდეგ ნაწილობრივ აღდგა, თუმცა ბოლო კვირებში კვლავ კლების ტენდენცია შეინიშნება. მესამე კვარტლის ანგარიშის თანახმად, კომპანიის ერთი აქციიდან მიღებული მოგება $1.05 იყო, რაც ანალიტიკოსების პროგნოზზე 84%-ით დაბალია. Meta-მ ეს ვარდნა $15.9-მილიარდიან ერთჯერად საგადასახადო ხარჯს დაუკავშირა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის One Big Beautiful Bill Act-ის შედეგად წარმოიშვა. კომპანიის განმარტებით, ამ ფაქტორის გარეშე მოგება $7.25 დოლარს შეადგენდა.
ამასთან, Meta-მ კაპიტალური ხარჯების პროგნოზიც გაზარდა, $66-72 მილიარდიდან – $70-72 მილიარდამდე. ცუკერბერგის თქმით, ეს გადაწყვეტილება აუცილებელია, რადგან კომპანია სუპერინტელექტის ეპოქისთვის „აგრესიულად“ ემზადება.











