რა მოხდება თუ OpenAI $1.4-ტრილიონიან AI-გარიგებებს ვერ შეასრულებს?

რა მოხდება თუ OpenAI $1.4-ტრილიონიან AI-გარიგებებს ვერ შეასრულებს?

გასულ რამდენიმე თვეში OpenAI-მ არაერთი მრავალმილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმა ტექნოლოგიურ გიგანტებთან, მათ შორის Oracle-თან, Nvidia-სთან, Microsoft-თან, AMD-სთან, Broadcom-თან და ბოლოს Amazon-თან. ამერიკული Forbes-ის ინფორმაციით, მონაცემთა ცენტრებისა და გამოთვლითი რესურსების მიმართულებით კომპანიის ვალდებულებები უკვე 1.4 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. ეს საკმაოდ მაღალი ციფრია ორგანიზაციისთვის, რომლის წლიური შემოსავალი 2025 წელს მხოლოდ 20 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ჩნდება კითხვა: თუ OpenAI ამ ვალდებულებებს ვერ დაფარავს, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას? – და პასუხი სემ ოლტმენი არ არის.

OpenAI-ის ფინანსურმა დირექტორმა, სარა ფრიარმა, ცოტა ხნის წინ მიანიშნა, რომ სახელმწიფოს კომპანიისთვის „დამცავი მექანიზმის“ როლის შესრულება შეუძლია. მოგვიანებით, მან ამ განცხადებაზე დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. თავად OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ოლტმენმა კი X-ზე დაწერა:

„თუ შეცდომას დავუშვებთ და ვერ გამოვასწორებთ, დაე, ჩავფლავდეთ. სხვა კომპანიები გააგრძელებენ ამ საქმეს და მომხმარებლების მომსახურებას. … რა თქმა უნდა, შეიძლება ვცდებოდეთ და თუ ასე მოხდება, ამას ბაზარი – და არა მთავრობა – გადაწყვეტს“.

ამჟამინდელი მოცემულობით, შესაძლოა პროგნოზები ოპტიმისტური არ არის, თუმცა, თუ OpenAI ყველა ამ ხელშეკრულების შესრულებას გეგმავს, 2029 წლისთვის მისი შემოსავალი 577 მილიარდ დოლარამდე უნდა გაიზარდოს, რაც 2025 წლის პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 2900%-ით მეტია.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ ექსპერტების შეფასებით, მსგავს კონტრაქტებში ფინანსური დეტალები საბოლოოდ იშვიათად არის განსაზღვრული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ OpenAI-მ შესაძლოა მხოლოდ ნაწილი გამოიყენოს იმ რესურსების, რომელთა სანაცვლოდ გადახდაზეც კომპანია ახლა თანხმდება. ასეთ შემთხვევაში მისი პარტნიორები ხელშეკრულებების გადახედვით თავადვე იქნებიან დაინტერესებულნი, რადგან ოლტმენის კომპანიის გაკოტრება ბუნებრივია, არც მათ აწყობთ.

გარდა ამისა, მსგავსი შეთანხმებების დიდი ნაწილი საკმაოდ კომპლექსურია და ხშირად წლების განმავლობაში გადახედვას, კორექტირებას საჭიროებს. მაგალითად, თუ კომპანიები ვერ შეძლებენ ვალდებულებების შესრულებას, ზოგჯერ რომელიმე მხარეს ვადების გახანგრძლივებაც შეუძლია.

ენერგოდეფიციტისა და ჩიპების მიწოდების შეზღუდვის პირობებში, შესაძლოა ზოგიერთმა პარტნიორმაც ვერ შეასრულოს ვალდებულებები, რაც OpenAI-ისთვის პოტენციურად გამოსავალს წარმოადგენს. მაგალითად, OpenAI-მ აიღო ვალდებულება, რომ AMD-ის 6 გიგავატამდე სიმძლავრის ჩიპებს შეიძენს (რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 90 მილიარდი დოლარია) AMD-ის აქციების დაახლოებით 10%-ის სანაცვლოდ, ნაღდი ფულის გარეშე. თუმცა ამ პირობების შესრულება დამოკიდებულია როგორც OpenAI-ის ბიზნესის მუშაობის ეტაპებზე, ასევე AMD-ის აქციების ფასსა და პროდუქციის მიწოდებაზე. შესაბამისად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავისი წილი პასუხისმგებლობები ორივე მხარეს აქვს.

რატომ არ აქვს დასაკარგი სემ ოლტმენს?

სემ ოლტმენი უკვე დიდი ხანია, „მასშტაბირების კანონებს“ უჭერს მხარს. ეს არის იდეას, რომლის თანახმად, რაც უფრო მეტი რესურსი დაიხარჯება AI-მოდელის წვრთნასა და მუშაობაზე, მით მეტად გაიზრდება ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები. მისივე თქმით, კომპანიის მთავარი მიზანია, შექმნას AI, რომლის შესაძლებლობებიც ადამიანისას შეესაბამება ან აღემატება კიდეც. აქედან გამომდინარე, OpenAI-ის CEO კომპანიის შესაძლებლობების მასშტაბური გაფართოების სტრატეგიას მიჰყვება და ამისთვის რისკებსაც არ უშინდება. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ მას დასაკარგი არ აქვს.

„ის ყველა ამ ვალდებულებას იღებს იმის გაცნობიერებით, რომ რეალურად შედეგი მასზე არანაირ გავლენას არ მოახდენს, რადგან კომპანიაში ფინანსური წილი არ აქვს“, – განუცხადა ამერიკულ Forbes-ს კალიფორნიის უნივერსიტეტის ბერკლის სამართლის სკოლის პროფესორმა, ოფერ ელდარმა.

ეს კი, ექსპერტების შეფასებით, კორპორაციული მართვის თვალსაზრისით პრობლემურია.

„ჩვენ ლიდერებს, რომლებსაც სუპერპიონერებად მივიჩნევთ, საშუალებას ვაძლევთ, იდიოსინკრატულად მოიქცნენ, მაგრამ როცა რაღაც ისე არ მიდის, ამის ფასს ისინი იშვიათად იხდიან,“ – აღნიშნავს სანტა-კლარას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის მენეჯმენტისა და მეწარმეობის მიმართულების პროფესორის, ჯო-ელენ პოზნერი.

D.A. Davidson-ის ანალიტიკოსის, გილ ლურიას თქმით კი, „მას შეუძლია იმდენი ვალდებულება აიღოს, რამდენიც სურს. მას შეუძლია ტრილიონი დოლარი, ათი ტრილიონი, ასი ტრილიონი დოლარის ვალდებულება აიღოს. არ აქვს მნიშვნელობა. ან გამოიყენებს, ან ხელახალ მოლაპარაკებას დაიწყებს, ან უბრალოდ წავა“. თუმცა, მისივე თქმით, გარიგებების ჩაშლა და შეუსრულებლობა რეპუტაციულად ოლტმენისთვისაც ზიანის მომტანი იქნება.

როგორი შეიძლება იყოს საუკეთესო და ყველაზე ცუდი სცენარი?

დავიწყოთ საუკეთესო სცენარით. შესაძლებელია, OpenAI-მ სრულად გამოიყენოს ის გამოთვლითი რესურსები, რომლებიც უკვე დაჯავშნილი აქვს, და მეტიც კი დასჭირდეს. ასეთ შემთხვევაში, AI-გიგანტს ახალი დაფინანსების მოზიდვა მოუწევს ან კერძო, ან საჯარო ბაზრებიდან. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სემ ოლტმენი OpenAI-ის შესაძლო IPO-ზე ალაპარაკდა დიდი ალბათობით ის არის, რომ ეს კომპანიას იაფი სესხის მოზიდვას მნიშვნელოვნად გაუუადვილებდა. ამასთან, გასულ კვირას ოლტმენმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, OpenAI-ის შემოსავლები ზრდას გააგრძელებს, განსაკუთრებით ახალი კორპორაციული პროდუქტებისა და ისეთი კატეგორიების წყალობით, როგორიცაა რობოტიკა და სამომხმარებლო მოწყობილობები.

ახლა კი წარმოვიდგინოთ ყველაზე ცუდი სცენარი. თუ OpenAI თავის გადარჩენას ვერ შეძლებს და გაკოტრებამდე მივა, ვინ მიიღებს პირველ რიგში საკუთარ თანხას? მსგავსი სცენარით მოვლენების განვითარების შემთხვევაში, ნაღდი ფულით მდიდარი კომპანიები, Microsoft-ი და Oracle-ი უნდა ვახსენოთ, რომლებთანაც OpenAI-ს დიდი კონტრაქტები აკავშირებს. შესაძლოა, ამ კომპანიებმა გაკოტრების პირას მყოფი OpenAI საკმაოდ დაბალ ფასად შეიძინონ. თუმცა, ძალიან ნაკლებად სავარაუდო შემთხვევაში, თუ OpenAI გაკოტრდება და სრულად ლიკვიდირდება, პირველ რიგში თანხას სესხის გამცემი ინსტიტუტები (debtholders) მიიღებენ. შემდეგ კი რიგში იქნებიან აქციონერები (equity investors), და ბოლოს, თუ რამე დარჩება, საჯარო აქციების მფლობელები (common shareholders).

აღსანიშნავია, რომ დღემდე OpenAI-მ სესხის მხოლოდ ერთი ხელშეკრულება გაასაჯაროვა. ეს არის 4 მილიარდ დოლარის საკრედიტო ხაზი, რომელიც ცხრა ბანკთან, მათ შორის JPMorgan-თან, Citi-სთან, Goldman Sachs-თან და Morgan Stanley-სთან შეთანხმდა. კომპანიამ ამ სესხზე გასული წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ ეს უზარმაზარი კორპორაციული საკრედიტო ბარათის ანალოგია. გაურკვეველია, აქვს თუ არა OpenAI-ს სხვა სესხები, რადგან როგორც კერძო კომპანიისთვის, მისი გამჟღავნება სავალდებულო არ არის.

OpenAI-ის ყველაზე მსხვილი აქციონერი Microsoft-ია, რომელიც კომპანიის 27%-ს ფლობს, მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში OpenAI მოგებაზე ორიენტირებულ კომპანიად გადაკეთდა. Microsoft-მა კომპანიაში უკვე ჩადო 13 მილიარდი დოლარის ვალდებულებიდან 11.6 მილიარდი. ამავდროულად, OpenAI-მ იკისრა ვალდებულება, რომ მომდევნო წლებში Microsoft-ის Azure-ის 250 მილიარდი დოლარის ღირებულების სერვისებს შეიძენს. კომპანიებს შორის ორმხრივი შემოსავლის გაზიარების შეთანხმებებიც არსებობს. სხვა მსხვილ აქციონერებს შორის არიან Thrive-ი, SoftBank-ი, Dragoneer-ი და ინვესტორები, რომლებიც ჯონი აივის კომპანიისა (io) და OpenAI-ის $6-მილიარდიან შერწყმაში მონაწილეობდნენ.

საჯარო აქციონერები, მათ შორის თანამშრომლები, თანადამფუძნებლები და არაკომერციული ორგანიზაცია, მიიღებენ რაც ბოლოს დარჩება – პროპორციულად იმ თანხასთან, რაც აქციებისთვის გადაიხადეს. საინტერესოა, რომ OpenAI-ის არაკომერციულ ფონდს სპეციალური „Class N“ ტიპის აქცია გააჩნია, რომელიც მას დირექტორთა საბჭოს არჩევნებში ხმის უმრავლესობისა და ვეტოს უფლებას აძლევს, თუმცა ამ აქციას არანაირი ფინანსური შემოსავალი არ ეკუთვნის, თუ კომპანია გაკოტრდება. (არაკომერციული ფონდის 26%-იანი წილი, სავარაუდოდ, ჩვეულებრივ საჯარო აქციებსაც მოიცავს.)

როგორც Forbes-ი ასკვნის, სემ ოლტმენის შეთანხმებები და ფინანსური მანევრები ნამდვილად თავბრუდამხვევი და, ამასთან, დამაფიქრებელია, თუმცა მისი ყველაზე დიდი ვალდებულებების დაფარვამდე ჯერ კიდევ წლებია დარჩენილი. ხელოვნური ინტელექტის სამყაროში კი ეს საკმაო დროა იმისთვის, რომ OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოიფიქროს, როგორ დაფაროს ეს ვალდებულებები, იქნება ეს ახალი კაპიტალის მოზიდვა თუ შემოსავლის აფეთქებით ზრდა. ჯერჯერობით პასუხი არავინ იცის – სავარაუდოდ, არც თავად ოლტმენმა.