აშშ-ის ისტორიაში მთავრობის ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნის“ დასასრულებლად შეთანხმებამ სენატში საწყისი დაბრკოლება გადალახა, თუმცა კონგრესს ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს, სანამ კანონპროექტს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ხელმოსაწერად გადაუგზავნის.
სენატში კანონპროექტი 60 ხმით 40-ის წინააღმდეგ გავიდა. რესპუბლიკელების მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელიც რამდენჯერმე ჩავარდა, ამჯერად მხარი რვა დემოკრატმა სენატორმა დაუჭირა. მიუხედავად სენატში რესპუბლიკელთა უმრავლესი წარმომადგენლობისა, მისი მიღება არასაკმარისი ხმების გამო ვერ ხერხდებოდა.
აშშ-ის ფედერალური მთავრობის ისტორიული „შათდაუნი“ 1-ელ ოქტომბერს დაიწყო და ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნია“. აღნიშნულის გამო ფუნქციონირება შეწყვეტილი აქვს აშშ-ის ფედერალური მთავრობის ძირითად ორგანოებს, გარდა სამართალდამცველი უწყებებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამსახურებისა.
მედიასააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, სენატში შეთანხმებული კანონპროექტი მოიცავს:
მთავრობის დაფინანსების დროებით აღდგენას
კანონპროექტი აღადგენს დაფინანსებას, რომლის ვადა კონგრესს 1-ელ ოქტომბერს ამოეწურა. ის სააგენტოების არსებული დაფინანსების ფარგლებში 30 იანვრამდე მუშაობას უზრუნველყოფს. ეს კანონმდებლებს დროს მისცემს, მიმდინარე ფინანსური წლისთვის (რომელიც 2026 წლის 30 სექტემბერს დასრულდება) სრულფასოვანი დაფინანსების კანონმდებლობაზე მუშაობა დაასრულონ.
სრული წლის დაფინანსებას გარკვეული სააგენტოებისთვის
პაკეტი ასევე მოიცავს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის, ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტის, სამხედრო სამშენებლო პროექტებისა და თავად კონგრესის სრული წლის დაფინანსებას.
კონგრესს ჯერ კიდევ უწევს დანარჩენი სამთავრობო უწყებების დაფინანსების კანონპროექტების მომზადება, განხილვა და მიღება.
ფედერალური სამსახურიდან მასობრივი გათავისუფლებების დაბლოკვას
კანონპროექტი ზღუდავს ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობას, აშშ-ის სამთავრობო აპარატი შეამციროს. ის სამსახურიდან მასობრივ გათავისუფლებებს 30 იანვრამდე აკრძალავს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ფედერალური მთავრობის 2.2 მილიონი თანამშრომლიდან დაახლოებით 300,000 უკვე გათავისუფლდა, ან იძულებული გახდა სამსახური დაეტოვებინა.
დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ „შათდაუნის“ დაწყების შემდეგ ტრამპის მიერ გათავისუფლებულ თანამშრომლებს სამუშაო ადგილები შეუნარჩუნდებათ.
არ აფართოებს ხარჯვის არსებულ უფლებამოსილებას
სამუშაო ადგილების შემცირების შესახებ ფორმულირების გარდა, კანონპროექტი არ შეიცავს ახალ დამცავ ბარიერებს, რომლებიც ხელს შეუშლის ტრამპს კონგრესის მიერ დამტკიცებული თანხები ცალმხრივად შეამციროს ან შეაკავოს.
უზრუნველყოფს თანამშრომლების ანაზღაურებას
კანონპროექტი ითვალისწინებს იმ ფედერალური თანამშრომლების ანაზღაურებას, რომელთა გათავისუფლებაც ტრამპმა სცადა, ასევე ზოგიერთი სახელმწიფო მუშაკის ანაზღაურებას, რომლებიც შვებულებაში იმყოფებოდნენ, როდესაც მათი ანაზღაურება მთავრობის დახურვის გამო შეფერხდა.
ის კონკრეტულად არ ეხება სხვა ფედერალურ მუშაკებს, რომლებსაც ანაზღაურება მთავრობის ხელახლა გახსნისას, 2019 წლის კანონის შესაბამისად, გარანტირებული აქვთ.
შეაჩერებს სამხედრო ხარჯების ზრდას
შეთანხმება უკრძალავს პენტაგონს ახალი იარაღის წარმოების ან ისეთი პროგრამების დაწყებას, რომლებიც გასულ წელს არ დაფინანსებულა.
განსაზღვრული სფეროებისთვის ხარჯების მიზნობრივ ზრდას
კანონპროექტი ზრდის უსაფრთხოების ხარჯებს კონგრესისთვის, უზენაესი სასამართლოსა და აშშ-ის სასამართლო სისტემისთვის 88 მილიონი დოლარით, რაც პოლიტიკური ძალადობის მატებას უკავშირდება. ასევე, 80 მილიონი დოლარით იზრდება ინდიელთა ჯანდაცვის სამსახურის დაფინანსება.
შეიცავს შტატების კომპენსაციას
დოკუმენტი ითვალისწინებს შტატებისთვის იმ თანხების დაბრუნებას, რომლებიც მათ საკუთარი ბიუჯეტიდან ფედერალური დაფინანსების შეწყვეტის პერიოდში გამოყვეს. გარდა ამისა, ითხოვს, რომ მსგავსი კომპენსაცია მომავალშიც განხორციელდეს, თუკი კონგრესი მთავრობის დაფინანსების შეჩერებას მიმდინარე ფინანსურ წელს კვლავ დაუშვებს.












