თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის, C-130-ის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავიაკატასტროფის დროს 20-ვე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში ჩამოვარდა.
უწყების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით. ეს მუხლი გულისხმობს „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.“
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი განჯის აეროდრომიდან აფრინდა, ვარდნა კი დაახლოებით 8 კილომეტრის სიმაღლიდან დაიწყო.













