Microsoft-ი პორტუგალიაში AI-მონაცემთა ცენტრების ჰაბში $10 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

Microsoft-ი პორტუგალიაში AI-მონაცემთა ცენტრების ჰაბში $10 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Microsoft-მა განაცხადა, რომ პორტუგალიის საპორტო ქალაქ სინეშში, ხელოვნური ინტელექტის (AI) ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტში, უახლოეს წლებში 10 მილიარდ დოლარს დააბანდებს. ეს ევროპაში AI-სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტიცია იქნება.

კომპანია პროექტის ფარგლებში Start Campus-თან, AI-ინფრასტრუქტურის პლატფორმა Nscale-თან და ჩიპების მწარმოებელ NVIDIA-სთან ითანამშრობლებს. სინეშის მონაცემთა ცენტრში NVIDIA-ს 12,600 ახალი თაობის გრაფიკული პროცესორის (GPU) განთავსება იგეგმება. ცნობისთვის, ქალაქი ლისაბონიდან სამხრეთით, დაახლოებით 150 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.

Start Campus-მა, რომელიც ამერიკულ საინვესტიციო ფონდ Davidson Kempner-სა და ბრიტანულ Pioneer Point Partners-ს შორის პარტნიორობით დაფუძნდა, აპრილში მონაცემთა ცენტრების ჰაბის შესაქმნელად 2030 წლამდე 8.5 მილიარდი ევროს (დაახლოებით 9.9 მილიარდი დოლარი) ინვესტირების გეგმა გააჟღერა. აღნიშნული მონაცემთა ცენტრები მსხვილ ტექნოლოგიურ და AI-კომპანიებს მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ ამჟამად დაგეგმილი ექვსი შენობიდან ერთი უკვე ფუნქციონირებს.

„Nscale-თან, NVIDIA-სთან და Start Campus-თან თანამშრომლობით ეროვნული AI-ინფრასტრუქტურის გაძლიერებით, ჩვენ ვეხმარებით პორტუგალიას ევროპაში ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობიანი და მასშტაბირებადი განვითარების ეტალონად ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა Microsoft-ის ვიცე-თავმჯდომარემ და პრეზიდენტმა, ბრედ სმიტმა.

პორტუგალია სინეშში მწვანე ენერგიის წარმოებაში მასშტაბურ ინვესტიციებს უკვე ახორციელებს. ამან მაღალი ენერგომოხმარების მქონე მონაცემთა ცენტრების მომარაგება უნდა უზრუნველყოს. მონაცემთა ცენტრების შესაქმნელად ეს ადგილი შემთხვევით არ არის შერჩეული, ატლანტის ოკეანის სანაპირო ზოლი პორტუგალიის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰაბია წყალქვეშა კაბელებისთვის, რომლებიც ევროპას, აფრიკასა და ამერიკას აკავშირებს.

აღსანიშნავია, რომ OpenAI-ის მიერ ChatGPT-ის გაშვების შემდეგ, მონაცემთა ცენტრებში ინვესტიციების მოცულობა მკვეთრად გაიზარდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კომპანიები სულ უფრო აქტიურად აინტეგრირებენ AI-ს თავიანთ ბიზნესპროცესებში და ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე გადადიან.