მოსკოვში ხელოვნური ინტელექტით მართული ჰუმანოიდი რობოტის, AIDOL-ის პრეზენტაცია წარუმატებლად დასრულდა. რობოტი სცენაზე გასვლისთანავე წაბორძიკდა და იატაკზე დაეცა.
სცენაზე გასვლისას AIDOL-მა აუდიტორიისთვის ხელის დაქნევა სცადა, რის შემდეგაც წონასწორობა დაკარგა და წაიქცა. ორგანიზატორებმა აპარატი სწრაფად გაიტანეს და სცენა შავი ფარდით დაფარეს, რათა მედიას რობოტის მდგომარეობა ვეღარ დაენახა. ღონისძიებას დაახლოებით 50 ჟურნალისტი ესწრებოდა.
ორგანიზატორებმა რობოტის წარუმატებელი დებიუტი კალიბრაციისა და განათების პრობლემებს მიაწერეს.
AIDOL-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვლადიმირ ვიტუხინმა, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-ს განუცხადა, რომ რობოტი ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა. „ვიმედოვნებ, ეს შეცდომა გამოცდილებად გადაიქცევა“, – აღნიშნა მან.











