Cloudflare-ის ხარვეზის გამო, გლობალურად ვებგვერდების ნაწილი შეფერხებით მუშაობს

Cloudflare-ის ხარვეზის გამო, გლობალურად ვებგვერდების ნაწილი შეფერხებით მუშაობს

ინტერნეტ-ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების სერვისის მიმწოდებელი კომპანია Cloudflare-ის ხარვეზის გამო, ბოლო რამდენიმე საათია გლობალურად ვებგვერდების ნაწილი შეფერხებით მუშაობს. Downdetector-ს ცნობით, მომხმარებლებს წვდომა შეზღუდული რამდენიმე მსხვილ ონლაინპლატფორმაზეც, მათ შორისაა ChatGPT, X და Shopify. თითოეული მათგანი Cloudflare-ის სერვისს იყენებს.

Cloudflare-ის განცხადებით, დაახლოებით დილის 06:20 საათისთვის (ET) კომპანიის ერთ-ერთ სერვისზე “ტრაფიკის უჩვეულოდ მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა”. გადატვირთვის შედეგად სერვისი გაითიშა. “ჩვენ ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია ტრაფიკის უჩვეულოდ მკვეთრი ზრდის მიზეზის შესახებ. კომპანია აქტიურად მუშაობს მომხმარებლებისთვის სერვისის სრულად აღდგენაზე”, – განაცხადა Cloudflare-ის წარმომადგენელმა.

Cloudflare-ის “სოფთვეარს” გლობალურად მსხვილ ბიზნესთა მნიშვნელოვანი ნაწილი იყენებს. სერვისი ვების 20%-ისთვის ტრაფიკის მართვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. Cloudflare-ის გათიშვის შემდეგ, წინასავაჭრო სესიაში, Cloudflare-ის აქციების ღირებულება 5%-ზე მეტით დაეცა. ამ დროისთვის, ვებგვერდთა ნაწილი, მათ შორის Amazon Web Services-ი, Canva და PayPal-ი აღდგენილია.

ცნობისთვის, Cloudflare-ის გათიშვის გამო, რამდენიმე ვებგვერდი და მედიაპლატფორმა შეფერხებით მუშაობდა საქართველოშიც. თუმცა ამ დროისთვის მათი მუშაობა აღდგენილია.