The Kyiv Independent-ის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, 20 ნოემბერს, ღამით, რუსეთის რიაზანის ოლქში ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა დაბომბეს. მედიასააგენტო წერს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქარხნის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ ღამით დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
„გუშინ ღამით, რიაზანის ოლქის ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დრონები გაანადგურა. ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო, ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა“, – განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, რიაზანი მოსკოვიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 180 კილომეტრში და უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრიდან დაახლოებით 450 კილომეტრში, სუმის ოლქის გასწვრივ მდებარეობს.
კიევი მოსკოვისთვის უკრაინაში ომის დაფინანსების ძირითადი წყაროების განადგურებას ცდილობს. შესაბამისად, რუსეთის ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოების ობიექტებზე შეტევებს აქტიურად ახორციელებს.
შეგახსენებთ, 16 ნოემბერს უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინელებმა რუსეთის სამარის ოლქში მდებარე ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანასა და ელიტური სამხედრო დანაყოფ „რუბიკონის“ უპილოტო აპარატების საწყობს დაარტყეს.








