ამერიკულმა Forbes-მა ფორმულა 1-ის ყველაზე ძვირადღირებული გუნდების 2025 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში შემავალი გუნდების საშუალო ღირებულება $3.6 მილიარდს აღწევს, რაც 2023 წელთან შედარებით 89%-იანი ზრდაა. აღსანიშნავია, რომ თუ ორი წლის წინ მხოლოდ ოთხი გუნდის შეფასება აჭარბებდა $1.5 მილიარდს, ამჟამად რეიტინგში შემავალი 10-ვე გუნდი ამ ზღვარზე ან მის ზემოთ იმყოფება.
გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაცია, რომ Mercedes-ის მილიარდერი ხელმძღვანელი ტოტო ვოლფი თავის გუნდში წილის გაყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს CrowdStrike-ის თანადამფუძნებელ ჯორჯ კარცთან, Forbes-ის შეფასებით, ფორმულა 1-ის ფინანსურ რეალობაში გარდამტეხი ცვლილების აშკარა სიგნალი გახდა.
გარიგების ღირებულება დაახლოებით $6 მილიარდს შეადგენს, რაც Forbes-ის ორი წლის წინანდელ შეფასებაზე 58%-ით მეტია და Mercedes-ს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სპორტულ გუნდებს შორის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე აყენებს. გუნდი ამ მაჩვენებლით უფრო მაღლა დგას, ვიდრე NFL-ის 8, NBA-ის 24, MLB-ის 28 და NHL-ის ყველა გუნდი, ხოლო ევროპულ ფეხბურთში მას მხოლოდ მადრიდის „რეალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ უსწრებენ.
აღსანიშნავია, რომ ათი გუნდის საშუალო შემოსავალმა გასულ წელს დაახლოებით 430 მილიონ დოლარს მიაღწია. Mercedes-მა კი 2024 წელს 799 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რითაც, ზოგადად, მსოფლიოს სპორტულ გუნდებს შორის ანალოგიურ სეზონში მეათე ადგილი დაიკავა.
როგორც Forbes-ი შენიშნავს, 2021 წლიდან ამოქმედებულმა ბიუჯეტის ზედა ზღვარმა გუნდები ზედმეტი ხარჯებისგან დაიცვა და მოგებაზე გადასვლა გააიოლა. მისივე შეფასებით, 2024 წელს მოგებაზე F1-ის ექვსი გუნდი გავიდა. მაგალითად, McLaren-მა 2018 წელს $137 მილიონის ზარალი დააფიქსირა, ხოლო 2024 წელს $61 მილიონის მოგება მიიღო. Mercedes-ის მოგებამ კი გასულ წელს $202 მილიონი შეადგინა, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოგებიან სპორტულ გუნდად აქცევს.
ამ შთამბეჭდავი მაჩვენებლების მიუხედავად, Mercedes-მა Forbes-ის რეიტინგში ლიდერის პოზიციის მოპოვება ვერ შეძლო და ეს სტატუსი Ferrari-ის ფორმულა 1-ის გუნდს დაუთმო, რომლის ღირებულებაც $6.5 მილიარდად ფასდება. გასულ წელს მისმა შემოსავალმა $670 მილიონი შეადგინა, მოგება კი $80 მილიონს გაუტოლდა. როგორც ხედავთ, Ferrari-ის F1-ის გუნდი Mercedes-ს ორივე მაჩვენებლით ჩამორჩება, თუმცა რეიტინგის ლიდერი მაინც ის არის – ამ სპოტში ყველაზე დიდი ისტორიის მქონე გუნდი.
ფორმულა 1-ის ყველაზე ძვირადღირებული გუნდები 2025 წლისთვის
#1. $6.5 მილიარდი
Ferrari
შემოსავალი: $670 მილიონი | საოპერაციო მოგება: $80 მილიონი | გუნდის ხელმძღვანელი: ფრედერიკ ვასერი

#2. $6 მილიარდი
Mercedes
შემოსავალი: $799 მილიონი | საოპერაციო მოგება: $202 მილიონი | გუნდის ხელმძღვანელი: ტოტო ვოლფი

#3. $4.4 მილიარდი
McLaren
შემოსავალი: $614 მილიონი | საოპერაციო მოგება: $61 მილიონი | გუნდის ხელმძღვანელი: ანდრეა სტელა

#4. $4.35 მილიარდი
Red Bull Racing
შემოსავალი: $618 მილიონი | საოპერაციო მოგება: $26 მილიონი | გუნდის ხელმძღვანელი: ლორან მეკისი
#5. $3.2 მილიარდი
Aston Martin
შემოსავალი: $353 მილიონი | საოპერაციო მოგება: -$18 მილიონი | გუნდის ხელმძღვანელი: ენდი კოუელი
#6. $2.5 მილიარდი
Williams
შემოსავალი: $245 მილიონი | საოპერაციო მოგება: -$36 მილიონი | გუნდის ხელმძღვანელი: ჯეიმს ვოულსი

#7. $2.45 მილიარდი
Alpine
შემოსავალი: $300 მილიონი | საოპერაციო მოგება: -$13 მილიონი | გუნდის ხელმძღვანელი: ფლავიო ბრიატორე
#8. $2.4 მილიარდი
Sauber
შემოსავალი: $240 მილიონი | საოპერაციო მოგება: -$25 მილიონი | გუნდის ხელმძღვანელი: ჯონათან უიტლი
#9. $2.3 მილიარდი
Racing Bulls
შემოსავალი: $318 მილიონი | საოპერაციო მოგება: $5 მილიონი | გუნდის ხელმძღვანელი: ალან პერმენი

#10. $1.5 მილიარდი
Haas
შემოსავალი: $150 მილიონი | საოპერაციო მოგება: $9 მილიონი | გუნდის ხელმძღვანელი: აიაო კომაცუ












