დღეს, 24 ნოემბერს, ლონდონის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბერმუდის სასამართლოს მიერ 2022 წლის ივნისში გამოტანილი განაჩენი, რომლითაც UBS (Credit Suisse)-ს ბიძინა ივანიშვილისთვის $607-მილიონიანი კომპენსაციის გადახდა დაევალა. შეგახსენებთ, UBS (Credit Suisse)-მა ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილება 2024 წელს გაასაჩივრა.
Credit Suisse-სა და ბიძინა ივანიშვილს შორის დავა ფრანგი კერძო ბანკირის, პატრის ლესკაუდრონის საქმესთან დაკავშირებით დაიწყო. კერძოდ, როგორც სასამართლო მასალებშია აღნიშნული 2011-2012 წლებში გაფორმებული ხელშეკრულებებით, ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულებზე Credit Suisse Life-ს $750 მილიონის დეპოზიტი ჩააბარა და მას თანხის უსაფრთხოდ ინვესტირება მიანდო. 2015 წელს მილიარდერმა აღმოაჩინა, რომ ამ თანხიდან $400 მილიონი დოლარი გაქრა.
პატრის ლესკაუდრონს თაღლითური სქემის ორგანიზებისთვის ბრალი 2018 წელს წაუყენეს, მან ივანიშვილის ანგარიშზე არსებული თანხა სხვა რუსი კლიენტების პორტფოლიოებში დანაკარგების დასაფარად გამოიყენა. გაკოტრების შემდეგ Credit Suisse-ი მისმა უმთავრესმა ოპონენტმა და უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა, UBS Group AG-მა გადაიფორმა.
ივანიშვილის ადვოკატები თავიდანვე ამტკიცებდნენ, რომ ბანკის ზედამხედველებმა იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ ლესკაუდრონის ქმედებების შესახებ, ხოლო თუ არ იცოდნენ, მათი უგულისყურობა კრიმინალურად უნდა იქნეს მიჩნეული. ბანკის წარმომადგენლების პოზიციით, ფრანგი მარტო მოქმედებდა და დანაშაულს კოლეგებს უმალავდა.
ბერმუდის სასამართლოს 2022 წლის გადაწყვეტილებით, Credit Suisse-მა ბანკირის დანაშაულებრივ ქმედებებს „თვალი აარიდა“. სწორედ ამ და სხვა შემთხვევებმა განაპირობა მეწილეთა ნდობის კლება და UBS-ის მიერ მისი შეძენა გადარჩენის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს ასევე მოუგო დავა სინგაპურში. განაჩენის მიხედვით, ბანკს ივანიშვილისთვის 461 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება $2.7 მილიარდს უტოლდება და ის მილიარდერების რეიტინგში 1448-ე ადგილს იკავებს. ივანიშვილი საქართველოს მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანია, მას ქონებით მიხეილ ლომთაძე უსწრებს, რომელიც $5.9 მილიარდს ფლობს.











