Google-ის თანადამფუძნებელმა ლარი პეიჯმა Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში Oracle-ის დამფუძნებელ ლარი ელისონს გადაუსწორო და და მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანი გახდა. მილიარდერების სიაში პეიჯის დაწინაურება Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის აქციების ფასის ზრდას უკავშირდება.
დღეს, სავაჭრო სესიის დაწყებისას, Alphabet-ის აქციების ღირებულება 5.8%-ით გაიზარდა და დაახლოებით 317 დოლარამდე მიაღწია. აღსანიშნავია, რომ კომპანიისთვის დადებითი აღმოჩნდა გასულ კვირაც, რომლის განმავლობაში მისი აქციები 8.4%-ით გაძვირდა.
ამის საპირისპიროდ, Oracle-ის აქციების ღირებულება 1.5%-ით შემცირდა და $196-ზე დაბლა დაეცა. კლების ტენდენცია წინა ორი სავაჭრო დღის განმავლობაშიც შეინიშნებოდა, როდესაც კომპანიის აქციები ჯამში 12%-ით გაუფასრუდა.
ლარი პეიჯმა, რომელმაც Google-ი სერგეი ბრინთან ერთად 1998 წელს დააარსა, ორშაბათს ქონებას 8.7 მილიარდი დოლარი შემატა. იგი, ბოლო მონაცემებით, $255 მილიარდს ფლობს. აღსანიშნავია, რომ პეიჯის ქონება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა – 2020 წლის 50.9 მილიარდი დოლარიდან 2025 წლის დასაწყისისთვის 144 მილიარდ დოლარზე ოდნავ მეტამდე.
Forbes-ის რეიტინგში დაწინაურდა Google-ის თანადამფუძნებელი სერგეი ბრინიც, რომელმაც Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს (235.1 მილიარდი დოლარი) გადაუსწრო და მსოფლიოში მეოთხე უმდიდრესი ადამიანი გახდა. მისი ქონება 236.4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
აღსანიშნავია, რომ 1-ელ აგვისტოს $187.82-მდე დაცემის შემდეგ, Alphabet-ის აქციების ღირებულება 67%-ით არის გაზრდილი. Oracle-ის აქციების ფასი კი, 10 სექტემბერს თითქმის 36%-იანი ზრდის შემდეგ, 43%-ით არის შემცირებული.











