ევროკავშირი სომხეთს 15 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი სომხეთს 15 მილიონ ევროს გამოუყოფს

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ EU სომხეთს 15 მილიონ ევროს გამოუყოფს. ეს გადაწყვეტილება სამშაბათს, ბრიუსელში, ევროკავშირსა და სომხეთს შორის მეექვსე პარტნიორობის საბჭოს ფარგლებში შეხვედრისას გაჟღერდა, რომელსაც კაია კალასთან ერთად, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი დაესწრნენ.

„დღეს მე ვაცხადებ 15 მილიონი ევროს მხარდაჭერის შესახებ, რომელიც სომხეთის მშვიდობისა და უფრო მდგრადი განვითარებისკენ იქნება მიმართული. განხორციელდება რამდენიმე ინიციატივა, მათ შორის განაღმვის წვრთნა და აღჭურვილობის მიწოდება“, – განაცხადა კაია კალასმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ისიც დასძინა, რომ ბოლო პერიოდში სომხეთთან თანამშრომლობა უფრო და უფრო ღრმავდება. ეს მოიცავს EU-ის მიერ სომხეთის სხვადასხვა რეფორმის მხარდაჭერას, მათ შორის ეკონომიკის დივერსიფიკაციის, ვიზალიბერალიზაციის, უსაფრთხოების ზრდის, არჩევნებთან დაკავშირებული საკითხებისა და სხვა მიმართულებით.

კაია კალასის განცხადებით, სომხეთი სხვა გამოწვევების წინაშეც დგას: „რუსეთი და მისი მარიონეტები სომხეთში საპარლამენტო არჩევნების წინ დეზინფორმაციის კამპანიებს აწარმოებენ.. ჩვენ ვხედავთ იმავე ქსელებს, რომლებიც მოლდოვაში გამოიყენებოდა, ასე რომ, სცენარი იგივეა.. ევროკავშირის დაფინანსება ხელს შეუწყობს უცხოური გავლენის აღმოჩენას და მათზე რეაგირებას“.