ილონ მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომლის ქონებამ $700-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა

ილონ მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომლის ქონებამ $700-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა

ამერიკული Forbes-ის თანახმად, ილონ მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომლის ქონებამ $700 მილიარდს გადააჭარბა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც დელავერის უზენაესმა სასამართლომ მისი Tesla-ს აქციების გაუქმებული ოფციონები აღადგინა.

მანამდე, 2024 წლის იანვარში, დელავერის ქვედა ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ოფციონების გადაცემის პროცესი, რომლებიც ახლა 139 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, უსამართლოდ იყო წარმართული.

იხილეთ ასევე: რა არის ოფციონი?

მასკის ქონებამ $700-მილიარდიან ნიშნულს $600-მილიარდიანი ზღვრის გადალახვიდან ოთხ დღეში გადააჭარბა. Forbes-ის შეფასებით, ამჯამად მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონება რეკორდულ $749 მილიარდს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ Forbes-ი 2024 წლის იანვრიდან მოყოლებული ზემოხსენებულ ოფციონებს მასკს 50%-იანი ღირებულებით აკუთვნებდა, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო დავა დასრულებული არ იყო. თუმცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ეს დათქმა გააუქმა, რამაც მილიარდერის ქონების შეფასება ერთბაშად 69.5 მილიარდი დოლარით გაზარდა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, Tesla კვლავ მასკის ყველაზე ძვირადღირებულ აქტივად იქცა. ოფციონების გარდა იგი კომპანიის ჩვეულებრივი აქციების 12%-ს (199 მილიარდი დოლარი) ფლობს, რაც ჯამში Tesla-ში მის წილს 338 მილიარდ დოლარად აფასებს.

აქ არ შედის კომპანიის მიერ ნოემბერში დამტკიცებული რეკორდული ანაზღაურების პაკეტი, რომელმაც შესაძლოა მასკს დამატებით 1 ტრილიონი დოლარის აქციები მოუტანოს, თუ Tesla მომდევნო ათწლეულში საბაზრო კაპიტალიზაციას რვაჯერ გაზრდის.

იხილეთ ასევე: Tesla-ს აქციონერებმა მასკის ანაზღაურების $1-ტრილიონიან გეგმას მხარი დაუჭირეს

მასკის მეორე ყველაზე ძვირადღირებულ აქტივი, SpaceX-ის 42%-იანი წილი, ამჟამად 336 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, რაც Tesla-ს წილზე მხოლოდ 2 მილიარდით ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ სწორედ SpaceX-მა შეიძლება აქციოს მასკი მსოფლიოს პირველ ტრილიონერად, რადგან კომპანია 2026 წლისთვის აქციების საჯარო განთავსებას (IPO) გეგმავს. ეს კი, შესაძლოა, $1.5-ტრილიონიანი შეფასებით მოხდეს.