აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ჯეფრი ეპსტინის საქმესთან პოტენციურად დაკავშირებული დამატებით მილიონზე მეტი დოკუმენტი იქნა აღმოჩენილი. DOJ-ი შეფასებით, ჩანაწერების გამოქვეყნებას შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს.
როგორც იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ეპსტინის საქმესთან დაკავშირებით ახალი ჩანაწერები ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის აშშ-ის პროკურორმა და FBI-მა აღმოაჩინეს. DOJ-მა პირობა დადო, რომ დოკუმენტები „რაც შეიძლება მალე“ გახდება საჯარო და დასძინა, რომ ფაილების გამოქვეყნების პროცესში ფედერალური კანონმდებლობა და „და პრეზიდენტ ტრამპის მითითებები“ ზედმიწევნით იქნება დაცული.
ეპსტინის ფაილების ნაწილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გასულ კვირაშიც გამოაქვეყნა. დოკუმენტები დეტალურად აღწერდა ეპსტინის სავარაუდო სექს-ტრეფიკინგის სქემას, ხოლო რამდენიმე ფოტოზე ამერიკის არაერთი გავლენიანი პირი, მათ შორის ბილ გეიტსი, ვუდი ალენი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი ფიგურირებდნენ.
გასულ კვირას გამოქვეყნებული ფოტომასალების ნაწილზე იყო მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რამდენიმე უცნობ ქალთან ერთად. თუმცა გამოქვეყნებულ ტექსტურ ფაილებში ტრამპი ნახსენები თითქმის არ იყო.
შეგახსენებთ, კანონპროექტს, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტს ეპსტინის ფაილების გამოქვეყნების ავალდებულებს, დონალდ ტრამპმა ხელი გასულ თვეში მოაწერა. ეპსტინის ფაილების გამჭვირვალობის შესახებ კანონი DOJ-ს ავალდებულებს, გამოაქვეყნოს „ყველა გაუსაიდუმლოებული ჩანაწერი, დოკუმენტი, კომუნიკაცია და საგამოძიებო მასალა“, რომელიც ამერიკელი ფინანსისტის წინააღმდეგ გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივ დევნასთან არის დაკავშირებული.















