ირანული მედიასაშუალება Iran International-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანის მასშტაბით უსაფრთხოების ძალები მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციულ ძალას იყენებენ. წინასწარი შეფასებებით, ქვეყანაში მიმდინარე მკაცრ რეპრესიებს მასობრივი მსხვერპლი მოჰყვა, მათ შორის, მედიის ინფორმაციით, ბოლო 48 საათის განმავლობაში, სულ მცირე, 2 000 ადამიანი დაიღუპა.
Iran International-ის ცნობით, ვითარება განსაკუთრებით მძიმეა თეირანის სამხრეთით მდებარე კაჰრიზაკში. დაკარგული ახლობლების საძებნელად კაჰრიზაკში ჩასულები მედიასთან აცხადებენ, რომ ადგილზე 400-ზე მეტი ცხედარი ნახეს.
რაშტში მდებარე საავადმყოფოს ერთ-ერთი ექიმის განცხადებით, მხოლოდ ამ სამედიცინო დაწესებულებაში 70-მდე ცხედარი შეიტანეს. პარასკევს, კარაჯში მდებარე მადანის საავადმყოფოში 44 ცხედარი გადაიტანეს, ხოლო ღაემის საავადმყოფოში – 36.
სხვა ქალაქების სამედიცინო წყაროებიც ირანულ მედიასაშუალებას მსხვერპლის მაღალი რაოდენობის შესახებ აწვდიან ინფორმაციას.
როგორც Iran International-ი წერს, 8 იანვარს ინტერნეტის გათიშვის გამო მოვლენების სრული სურათის მიღება შეუძლებელი გახდა. თუმცა, Starlink-ის მეშვეობით, სხვადასხვა არხით გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალა ქვეყანაში არსებულ უკიდურესად მძიმე ვითარებაზე მიანიშნებს.
შეგახსენებთ, თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს, მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე დაიწყო. საპროტესტო მუხტის ჩასახშობად, ირანის მთავრობამ ქალაქებში ჰეზბოლასა და ერაყის მილიცია განალაგა.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ირანის ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ თეთრი სახლი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და თუ დემონსტრანტების სასტიკი დარბევა არ შეწყდება, პროცესში ჩარევასაც არ გამორიცხავს.














