სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2025 წლის დეკემბერში საქართველოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან, ნოემბერთან, შედარებით 4.5 ლარით შემცირდა და 250.9 ლარი შეადგინა. ამავე ანგარიშის თანახმად, მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 20.4 ლარით არის გაზრდილი.
კერძოდ, თუ საქსტატის მონაცემებს დავეყრდნობით, 2025 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 255.4 ლარი იყო, ხოლო 2024 წლის დეკემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 230.5 ლარს შეადგენდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმის შესახებ მონაცემებსაც აქვეყნებს. მისი შეფასებით, 2025 წლის დეკემბერში აღნიშნული მაჩვენებელი 283.3 ლარს გაუტოლდა, ნოემბერში 288.4 ლარი იყო, ხოლო 2024 წლის დეკემბერში – 260.3 ლარი.
ანგარიშს თან ერთვის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებაც: „2004 წლიდან საქსტატის საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად“.










