ChatGPT-ს რეკლამები ემატება - OpenAI-მ $8-იანი ChatGPT Go წარადგინა

ChatGPT-ს რეკლამები ემატება - OpenAI-მ $8-იანი ChatGPT Go წარადგინა

OpenAI-მ 16 იანვარს ორი მნიშვნელოვანი სიახლე დააანონსა. კომპანია ChatGPT-ში რეკლამების ტესტირებას იწყებს და, ამავდროულად, ახალ, დაბალფასიან სააბონენტო ვერსიას, ChatGPT Go-ს, გლობალურად გაუშვებს. მოსალოდნელია, რომ ეს ნაბიჯი ხელოვნური ინტელექტის ამერიკული კომპანიის მოგებას მნიშვნელოვნად გაზრდის.

X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში OpenAI-მ განაცხადა, რომ Plus, Pro და Enterprise სააბონენტო გამოწერებზე რეკლამები არ იქნება და ისინი ეტაპობრივად გამოჩნდება უფასო ვერსიასა და ახალ ChatGPT Go პაკეტში. კომპანიის თქმით, ChatGPT-ის პასუხებზე „რეკლამები გავლენას არ მოახდენს“ და აბონენტების საუბრები კონფიდენციალური დარჩება, ასევე ისინი მიზნობრივი რეკლამირებისთვის გამოყენებული არ იქნება.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, რეკლამები ცალკე და მკაფიოდ უნდა იყოს მონიშნული. OpenAI ერთ-ერთ სატესტო ფორმატად განიხილავს, რომ რეკლამა ჩატის ბოლოში ბმულით გამოჩნდეს.

OpenAI-ის ცნობით, რეკლამები არ გამოჩნდება მგრძნობიარე თემებზე, მათ შორის ჯანმრთელობასთან, მენტალურ ჯანმრთელობასთან ან პოლიტიკასთან დაკავშირებულ ჩათებში. ასევე, რეკლამები მხოლოდ 18 წელს გადაცილებული მომხმარებლების შემთხვევაში გამოჩნდება.

„ხალხი ChatGPT-ს ბევრი მნიშვნელოვანი და პირადი ამოცანის შესრულებისას ენდობა, ამიტომ რეკლამების დანერგვისას უმნიშვნელოვანესია შევინარჩუნოთ ის, რაც ChatGPT-ს პირველ ყოვლისა ღირებულს ხდის“, – ნათქვამია OpenAI-ის პოსტში.

რაც შეეხება ChatGPT Go-ს, ის წარმოადგენს დაბალფასიან სააბონენტო ვერსიას, რომელიც პირველად ინდოეთში, 2025 წლის აგვისტოში გაეშვა და ახლა კი გლობალურად, მათ შორის აშშ-ში, გახდება ხელმისაწვდომი. მისი ღირებულება თვეში 8 დოლარია.

OpenAI-ის ინფორმაციით, Go პაკეტი მომხმარებლებს სთავაზობს:

  • უფასო ვერსიასთან შედარებით 10-ჯერ მეტ შეტყობინებას;

  • ფაილების ატვირთვისა და გამოსახულებების გენერირების გაზრდილ ლიმიტს;

  • GPT-5.2-ის შეუზღუდავ გამოყენებას (უფრო სწრაფი პასუხებით);

  • უფრო გრძელ მეხსიერებასა და კონტექსტის ფანჯარას, ვიდრე უფასო ვერსია.

შედარებისთვის, ChatGPT Plus თვეში 20 დოლარი ღირს, ხოლო ChatGPT Pro – 200 დოლარი.