მემეკოინმა $TRUMP ერთ წელიწადში ღირებულების თითქმის 90% დაკარგა

მემეკოინმა $TRUMP ერთ წელიწადში ღირებულების თითქმის 90% დაკარგა

დონალდ ტრამპის მიერ შექმნილმა მემკოინმა, $TRUMP-მა, ერთ წელიწადში ღირებულების თითქმის 90% დაკარგა. ტოკენის ფასი 2025 წლის იანვარში დაფიქსირებული პიკიდან, $45.50-დან, 2026 წლის 20 იანვრისთვის დაახლოებით $5.50-მდე შემცირდა.

$TRUMP 2025 წლის იანვრის შუა რიცხვებში გაეშვა და ერთ დღეში ფასმა $45.5-ს მიაღწია, თუმცა მალევე მკვეთრი ვარდნა დაიწყო. აპრილის დასაწყისისთვის ტოკენი უკვე $8-ზე დაბლა ივაჭრებოდა, ხოლო მომდევნო თვეებში კლების ტენდენცია კვლავ შენარჩუნდა.

ფასის ვარდნის პარალელურად, $TRUMP-ის საბაზრო კაპიტალიზაციაც მნიშვნელოვნად შემცირდა. 2025 წლის დასაწყისში დაფიქსირებული $9.1 მილიარდიდან დაახლოებით $995 მილიონამდე. მიუხედავად ამისა, $TRUMP ამჟამად საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით მსოფლიოში მე-6 უმსხვილეს მემკოინად რჩება.

ამავე დროს, მელანია ტრამპის მემკოინმა, $MELANIA-მ, რომელიც გასულ წელს $TRUMP-თან ერთად გაეშვა, პიკურ ნიშნულთან შედარებით ღირებულების 98.23% დაკარგა. მისი ფასი $8.4855-დან 2026 წლის 20 იანვრისთვის $0.1502-მდე შემცირდა. შედეგად, $MELANIA-ს კაპიტალიზაცია $143.5 მილიონამდე დაეცა.

„მიუხედავად იმისა, რომ $TRUMP-ისა და $MELANIA-ს ციფრული აქტივების აღმავლობა და ვარდნა უკიდურესად მკვეთრი იყო, სპეკულაციური იმპულსის განელების შემდეგ ისინი ფუნდამენტურად არ განსხვავდებოდნენ სხვა მემკოინებისგან. მთავარი განსხვავება მასშტაბსა და ხილვადობაში მდგომარეობდა. პოლიტიკურმა ბრენდირებამ, რეალურ მოვლენებთან დაკავშირებულმა სათაურებმა და მედიაგაშუქებამ საწყის ეტაპზე კაპიტალის სწრაფი შემოდინება გააძლიერა და ფასის აჩქარებული ზრდა გამოიწვია. თუმცა, როგორც კი ლიკვიდობა შემცირდა და ახალი მონაწილეების რაოდენობამ იკლო, ფასის დინამიკა იმავე სცენარს დაუბრუნდა, რაც 2025 წელს შექმნილი მილიონობით მემკოინისთვის იყო დამახასიათებელი. საბოლოოდ, ტრამპთან დაკავშირებული ტოკენები თავად მემეკოინის ციკლის გახმაურებულ შემთხვევებად იქცა – სწრაფი შემოდინებები ნარატივისა და ყურადღების ფონზე, რასაც მოჰყვა მკვეთრი კორექცია მას შემდეგ, რაც სპეკულაციური მოთხოვნა შემცირდა,“ – აღნიშნავს BestBrokers-ის ანალიტიკოსი, ალან გოლდბერგი.