საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები 2025 წელს

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები 2025 წელს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 25.82 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს წინა წელთან შედარებით 10.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საქსტატის მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 7.29 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, ხოლო იმპორტი თითქმის 18.53 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. პირველ შემთხვევაში ზრდამ 11.2% შეადგინა, მეორე შემთხვევაში კი 9.7%-იანი მატება აღინიშნა. 2025 წელს საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 11.23 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.5%-ია.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5% შეადგინა. მათ შორის ლიდერობენ ქვეყნები: თურქეთი თითქმის 2.77 მილიარდი დოლარით, აშშ 2.72 მილიარდი დოლარითა და ჩინეთი 1.98 მილიარდი დოლარით.

იხილეთ ასევე: საქართველოს 10 უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყანა 2025 წელს

ამავე პრიოდში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.3% შეადგინა. მათ შორის ლიდერობენ ქვეყნები: ყირგიზეთი თითქმის 1.499 მილიარდი დოლარით, ყაზახეთი 910 მილიონი დოლარითა და რუსეთი 749.3 მილიონი დოლარით.

იხილეთ ასევე: საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყანა 2025 წელს

2025 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.8% შეადგინა. ექპორტისა და იმპორტის დაჯამების შემდეგ, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: პირველ ადგილზეა თურქეთი 3.10 მილიარდ აშშ დოლაზე მეტით, მეორე ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატები 2.84 მილიარდ აშშ დოლარზე მეტით და მესამე პოზიციაზეა რუსეთი თითქმის 2.69 მილიარდი აშშ დოლარით.

ფოტო: საქსტატი