Intel-ს AI-მონაცემთა ცენტრების მოთხოვნის დაკმაყოფილება უჭირს - აქციების ფასი 13%-ით დაეცა

Intel-ს AI-მონაცემთა ცენტრების მოთხოვნის დაკმაყოფილება უჭირს - აქციების ფასი 13%-ით დაეცა

Intel-ის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრებში გამოყენებული სერვერული ჩიპების მოთხოვნის დაკმაყოფილება უჭირს. კომპანიამ ამის შესახებ მიმდინარე კვარტლისთვის ბაზრის მოლოდინზე დაბალი შემოსავლებისა და მოგების პროგნოზის წარდგენისას ისაუბრა. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას, სავაჭრო სესიის დასრულების შემდეგ, Intel-ის აქციების ფასის 13%-ით შემცირება მოჰყვა.

კომპანიის უარყოფითი მოლოდინი ხაზს უსვამს იმ სირთულეებს, რომლებსაც Intel-ი ჩიპების გლობალურ ბაზარზე აწყდება. დღეს კომპანიის მიერ ბაზრისთვის შეთავაზებული პროდუქტები წლების წინ მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ Intel-ის აქციების ფასი ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 40%-ით გაიზარდა, კომპანიას ერთდროულად რამდენიმე გამოწვევასთან გამკლავება კვლავ უწევს.

Intel-ის ხელმძღვანელების განცხადებით, კომპანია AI-ჩიპებთან ერთად გამოყენებული სერვერული პროცესორების მოთხოვნის მკვეთრ ზრდას მოულოდნელად შეეჯახა. მიუხედავად იმისა, რომ ქარხნები სრული დატვირთვით მუშაობს, Intel-ი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს, რის გამოც მონაცემთა ცენტრების სეგმენტში პოტენციური, მაღალი მარჟის მქონე პროდუქციის გაყიდვებში დანაკარგები იზრდება.

„მოკლევადიან პერსპექტივაში იმედგაცრუებული ვარ, რომ ვერ ვახერხებთ ბაზარზე არსებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას,“ – განაცხადა Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლიპ-ბუ ტანმა, ანალიტიკოსებთან საუბრისას.

კომპანიის პროგნოზით, მიმდინარე კვარტალში შემოსავალი 11.7-დან 12.7 მილიარდ აშშ დოლარამდე მიაღწევს. ანალიტიკოსების მოლოდინი კი საშუალოდ 12.51 მილიარდ აშშ დოლარამდეა.

ცნობისთვის, 2024 წელს აქციების ფასის 60%-ზე მეტით ვარდნის შემდეგ, Intel-ის აქციების ღირებულება 2025 წელს 84%-ით გაიზარდა. მოცემული დროისთვის კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის 260 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.