დონალდ ტრამპი JPMorgan-სა და მის CEO-ს უჩივის და $5 მილიარდს ითხოვს

დონალდ ტრამპი JPMorgan-სა და მის CEO-ს უჩივის და $5 მილიარდს ითხოვს

დონალდ ტრამპმა უმსხვილესი ამერიკული ბანკის, JPMorgan Chase-ისა და მისი აღმასრულებელი დირექტორის, ჯეიმი დაიმონის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და $5 მილიარდს ითხოვს. აშშ-ის პრეზიდენტი კომპანიასა და მის დირექტორს პოლიტიკური დღის წესრიგის ხელშეწყობის მიზნით მისი რამდენიმე ანგარიშის დახურვით მისთვის საბანკო მომსახურების შერჩევითად შეზღუდვაში, ე.წ. დებანკინგში ადანაშაულებს.

ტრამპმა სარჩელი ფლორიდის შტატის მაიამი-დეიდის საოლქო სასამართლოში შეიტანა. აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, ქვეყნის  ყველაზე მსხვილი ბანკი საკუთარ პოლიტიკებს არღვევს, როდესაც ტრამპს მომსახურების მიღებას უზღუდავს.

სარჩელის საპასუხოდ, JPMorgan Chase-მა განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ ბანკი ანგარიშების დახურვის გადაწყვეტილებას პოლიტიკური ან რელიგიური მიზეზებით არ იღებს. „ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა გვიჩივლა, თუმცა გვჯერა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა. ჩვენ პატივს ვცემთ პრეზიდენტის უფლებას გვიჩივლოს, და ჩვენს უფლებას, თავი დავიცვათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

JPMorgan Chase-ის განმარტებით, ბანკი ხურავს ანგარიშებს, რომლებზეც მიიჩნევს, რომ შესაძლოა ისინი კომპანიისათვის სამართლებრივი ან მარეგულირებელი რისკის მომტანი იყოს.

აშშ-ის პრეზიდენტი JPMorgan Chase-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჯეიმი დაიმონს „შავი სიის“ შედგენის ორგანიზებასა და სხვა ბანკების გაფრთხილებაში ადანაშაულებს, რომლის თანახმად ინდუსტრიამ ტრამპის ორგანიზაციებთან, ტრამპის ოჯახის წევრებსა და თავად ტრამპთან საქმიანობისგან თავი უნდა შეიკავოს.

ტრამპმა იმავე ქმედებაში აშშ-ის მეორე მსხვილი ბანკი Bank of America-ც დაადანაშაულა. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, შეიტანა თუ არა სარჩელი აღნიშნული ბანკის წინააღმდეგაც.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.