რა აშფოთებთ მილიარდერებს 2026 წელს ყველაზე მეტად?

რა აშფოთებთ მილიარდერებს 2026 წელს ყველაზე მეტად?

UBS-ის მილიარდერების 2025 წლის გამოკითხვის თანახმად, მსოფლიოს უმდიდრესი ინვესტორები 2026 წელს სიფრთხილით, თუმცა პანიკის გარეშე უყურებენ. მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალის ზრდის შესაძლებლობებს კვლავ ხედავენ, მილიარდერთა მთავარი შიშები გლობალური პოლიტიკისა და ეკონომიკური გაურკვევლობის ირგვლივ ტრიალებს.

ანგარიშზე დაყრდნობით, Visual Capitalist-მა შემოგვთავაზა ფაქტორების ჩამონათვალი, რომლებიც, მომდევნო 12 თვის განმავლობაში, სავარაუდოდ, გლობალურ საბაზრო გარემოზე მომდევნო უარყოფითად იმოქმედებს. ამ ფაქტორების ჩამონათვალი მილიარდერების პასუხების საფუძველზე დაჯგუფდა.

UBS-ის Billionaire Survey 2025-ის მიხედვით, 2026 წლის განმავლობაში გლობალური ბაზრების ყველაზე დიდ საფრთხედ სავაჭრო ტარიფები და გეოპოლიტიკური კონფლიქტები სახელდება. მათ შორის გამოკითხულთა 66% მიიჩნევს, რომ სავაჭრო ტარიფები გლობალურ ბაზრებს ყველაზე მეტად დააზიანებს. ეს განსაკუთრებით მწვავედ აღიქმება იმ ფონზე, როცა მსოფლიოში ვაჭრობა სულ უფრო ფრაგმენტირებული ხდება და ქვეყნებს შორის ეკონომიკური დაპირისპირება იზრდება.

მეორე ადგილზეა მასშტაბური გეოპოლიტიკური კონფლიქტები, რომელზეც 63% მიუთითებს. ომები, რეგიონული არასტაბილურობა და დიდ ქვეყნებს შორის დაძაბულობა ინვესტორებისთვის სისტემურ რისკად რჩება.

მესამე პოზიციაზეა პოლიტიკის არაპროგნოზირებადობა. ამას რისკებს შორის გამოკითხულთა 59% ასახელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის პიკი ბევრ ქვეყანაში უკვე გადალახულია, მილიარდერთა 44% კვლავ შეშფოთებულია ფასების ზრდით. ეს აჩვენებს, რომ ინფლაციური სტაბილურობა ჯერ კიდევ მყიფეა და მონეტარული პოლიტიკის ცვლილებები ყურადღებით დაკვირვებას საჭიროებს.

მიუხედავად იმისა, რომ გლობალური შედეგები საერთო ფაქტორებს აერთიანებს, რეგიონული განსხვავებები მაინც შეინიშნება. მაგალითად, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მილიარდერთა 75% მთავარ საფრთხედ ტარიფებს ასახელებს, რაც რეგიონული ეკონომიკების ექსპორტზე დამოკიდებულებას უკავშირდება.

ამერიკის კონტინენტზე გამოკითხულთა 70%-ს ყველაზე მეტად ინფლაციის ან გეოპოლიტიკური კონფლიქტების გაუარესება აშინებს.

აქვე აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური რღვევები (15%) და კლიმატის ცვლილება (14%) ჩამონათვალის ქვედა ნაწილშია მოქცეული. ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ მილიარდერები ამ გამოწვევებს უფრო გრძელვადიან ან მართვად საფრთხეებად აღიქვამენ.

რა აშფოთებთ მილიარდერებს ყველაზე მეტად 2026 წელს: 

რისკის ფაქტორირესპონდენტების წილი
სავაჭრო ტარიფები66%
მასშტაბური გეოპოლიტიკური კონფლიქტი63%
პოლიტიკის გაურკვევლობა59%
მაღალი ინფლაცია44%
ვალებთან დაკავშირებული კრიზისი34%
მაღალი გადასახადები28%
გლობალური რეცესია27%
მაღალი საპროცენტო განაკვეთები19%
მიწოდების ჯაჭვის შეფერხება19%
ფინანსური ბაზრების კრიზისი16%
ტექნოლოგიური რღვევები15%
კლიმატის ცვლილება14%
ენერგორესურსების მაღალი ფასები8%
გლობალური ჯანმრთელობის კრიზისი6%
დეფლაცია5%
სხვა1%
არ არის შეშფოთებული1%