ირანის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები ექსპორტში

ირანის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები ექსპორტში

ფოტო: Ali Mohammadi/Bloomberg/Getty Images

 

ირანის საგარეო ვაჭრობაზე უკვე ათწლეულებია, გადამწყვეტ გავლენას ახდენს გეოპოლიტიკური წნეხი და ეკონომიკურ-ფინანსური სანქციები. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ირანის სავაჭრო არეალი მნიშვნელოვნადაა დავიწროებული და ძირითადად ისეთ ქვეყნებს მოიცავს, რომელთაც დასავლურ ფინანსურ ნომენკლატურაში ფუნქციონირება ნაკლებად უხდება.

სახელმწიფოებს ირანთან ვაჭრობის დასამყარებლად, სურვილის გარდა, შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეთ, რათა თავადაც სანქცირების ობიექტი არ გახდნენ. სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების რეიტინგს, სადაც ირანი ექსპორტს ყველაზე აქტიურად ახორციელებს. მონაცემები აღებულია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ვაჭრობის მონაცემების მონიტორინგის პლატფორმიდან და ირანის საექსპორტო მაჩვენებლების 2024 წლის შედეგებს ასახავს.

2024 წელს ირანიდან $56 მილიარდის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. აღნიშნული პროდუქციის 26%-ის დანიშნულების ადგილი კი ჩინეთი იყო. ჩინეთი ირანის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. შესაბამისად, ექსპორტის რეიტინგშიც პირველი პოზიცია უკავია. 2024 წელს ირანიდან ჩინეთში $14.5 მილიარდის ღირებულების პროდუქცია გავიდა. ხოლო იმპორტის სახით ჩინეთიდან ირანში $17.79 მილიარდის ღირებულების საქონელი შევიდა.

რეიტინგის მეორე პოზიცია ერაყს უკავია. აღნიშნულ პერიოდში ირანიდან ერაყში ექსპორტზე გატანილი პროდუქციის ღირებულებამ $11.69 მილიარდი შეადგინა. ერაყი ახლო აღმოსავლეთში ირანის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი სახელმწიფოა როგორც სავაჭრო, ისე პოლიტიკური მიმართულებით.

საექსპორტო რეიტინგის მესამე ადგილზე არაბთა გაერთიანებული საამიროებია, რომელიც პარალელურად ირანის უმსხვილესი იმპორტიორი და ახლო აღმოსავლეთში მთავარი სავაჭრო პარტნიორია. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ირანიდან ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ 2024 წელს – $7.16 მილიარდი, იმპორტმა კი $21 მილიარდი შეადგინა.

რეიტინგის მეოთხე პოზიციაზე თურქეთია. ამ პერიოდში თურქეთში ირანიდან $6.09 მილიარდის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. საამიროების მსგავსად, ირანისთვის თურქეთიც მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, რადგან დიდია იმპორტში თურქეთის წილიც ($11.16 მილიარდი).

რეიტინგის მეხუთე პოზიციაზე ასევე იზოლირებული სახელმწიფო იმყოფება, რომელსაც თალიბანი მართავს. ირანის საექსპორტო ათეულში არ გვხვდება არც ერთი ევროპული სახელმწიფო. ერთადერთი სახელმწიფო, რომლის ნაწილიც ევროპის კონტინენტზე მდებარეობს და ირანის საექსპორტო ქვეყნების ათეულშია, რუსეთია. რუსეთი ირანის საექსპორტო დანიშნულების რეიტინგში მეცხრე პოზიციაზე იმყოფება. 2024 წელს ირანიდან რუსეთში $1.05 მილიარდის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა.

სტატისტიკის გათვალისწინებით ნათელია, რომ ირანის სავაჭრო ნომენკლატურა მკვეთრად რეგიონულია. საკვანძო საექსპორტო დანიშნულების 10 ქვეყნიდან 8 აზიაში ან ახლო აღმოსავლეთში მდებარეობს. ეს კი, როგორც აღვნიშნეთ, სანქციების დამსახურებაა. ირანის საგარეო ვაჭრობის პოტენციალი ძირითადად მეზობლებზე გადის. ამ მიზნით ირანი აქტიურად იყენებს ისეთ სავაჭრო გზებს, რომლებიც კვეთს აზერბაიჯანს, პაკისტანსა და ინდოეთს. მიუხედავად ამ მარშრუტების მცირე მასშტაბისა, მათ დიდი გეოპოლიტიკური დანიშნულება აქვთ.

საინტერესოა, გრძელვადიან პერსპექტივაში რა გავლენა ექნება ირანის საგარეო ვაჭრობაზე 2026 წლის იანვარში აშშ-ის მიერ ირანის პარტნიორებისათვის დაანონსებულ 25%-იან ტარიფებს. შეგახსენებთ, რომ ირანზე ეკონომიკურ-ფინანსური წნეხის გასაზრდელად აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ირანთან სავაჭრო ურთიერთობაში მყოფი ქვეყნებისათვის დამატებითი ტარიფების დაწესება დააანონსა. ახალი ტარიფები კი სწორედ ერაყს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და თურქეთს შეეხება, ანუ ქვეყნებს, სადაც ირანის ექსპორტის 50%-ზე მეტი ხორციელდება.

რეიტინგიექსპორტის დანიშნულების ადგილისაქონლის ღირებულება (2024, $ მილიარდი)
1ჩინეთი14.57
2ერაყი11.69
3არაბთა გაერთიანებული საამიროები7.16
4თურქეთი6.09
5ავღანეთი2.29
6პაკისტანი2.27
7ინდოეთი1.96
8ომანი1.56
9რუსეთი1.05
10აზერბაიჯანი0.72

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.