Amazon-ი OpenAI-ში $50 მილიარდის ინვესტირებას განიხილავს

Amazon-ი OpenAI-ში $50 მილიარდის ინვესტირებას განიხილავს

ფოტო: Samuel Boivin/NurPhoto via Getty Images

 

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, Amazon-ი ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ OpenAI-ში $50 მილიარდის ინვესტირებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინვესტირებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, OpenAI-ის პოტენციური შეფასება $830 მილიარდამდე გაიზრდება. WSJ-ის ცნობით, OpenAI-ის აღმასრულებელ დირექტორ სემ ოლტმენთან მოლაპარაკებებს Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი ენდი ჯასი ხელმძღვანელობს.

გამოცემის თანახმად, $50-მილიარდიანი ინვესტირება Amazon-ს OpenAI-ის მიმდინარე დაფინანსების რაუნდში ყველაზე დიდ კონტრიბუტორად აქცევს. OpenAI-ს ბოლო დაფინანსების რაუნდიდან, რომელსაც იაპონური საინვესტიციო ფირმა SoftBank Group-ი ხელმძღვანელობდა, თითქმის ერთი წელი გავიდა. მაშინ OpenAI-მ $40 მილიარდი მოიზიდა, რის შედეგადაც კომპანიის ღირებულება $300 მილიარდამდე გაიზარდა. WSJ-ის ინფორმაციით, OpenAI-ში დამატებით $30 მილიარდის ინვესტირებას SoftBank-ი მიმდინარე დაფინანსების რაუნდშიც განიხილავს.

ცნობისთვის, გასული წლის ნოემბერში Amazon-მა OpenAI-თან Cloud-ტექნოლოგიებზე $38 მილიარდის ღირებულების გარიგებაც გააფორმა. OpenAI-სთან გარიგებამდე კი მრავალმილიარდიანი ინვესტიციები განახორციელა OpenAI-ის კონკურენტ Anthropic-ში. მათ შორის, ელექტრონული კომერციის გიგანტმა 2023 წლის სექტემბერში Anthropic-ში $4 მილიარდის, ხოლო 2024 წლის ნოემბერში დამატებით კიდევ $4 მილიარდის ინვესტირება განახორციელა.

ამასთან ერთად, Amazon-მა დაახლოებით $50 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა აშშ-ის სამთავრობო სააგენტოებისთვის ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში, ხოლო პენსილვანიაში, $20-მილიარდიანი პროექტის ფარგლებში, AI-კამპუსის მშენებლობის ვალდებულება აიღო.