ფოტო: Getty Images
ელექტრომობილების ჩინური მწარმოებლის, BYD-ის გაყიდვები იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30.1%-ით შემცირდა. ზედიზედ მეხუთე თვეა, როცა კომპანიის გაყიდვები კლების ტენდენციას აფიქსირებს.
BYD-ის ფინანსური შედეგების თანახმად, გასულ თვეს კომპანიამ გლობალურად 210,051 ელექტრომობილი გაყიდა, საიდანაც 100,482 ექსპორტზე გავიდა. კომპანიის გაყიდვების შემცირების პარალელურად, იანვარში წარმოებაც 29.1%-ით შემცირდა.
ფინანსური ანალიტიკოსების მოსაზრებით, კომპანიის არასახარბიელო ფინანსური შედეგების ძირითადი მიზეზი ადგილობრივ ბაზარზე მზარდი კონკურენცია და საერთაშორისო საექსპორტო ბაზრებზე არასაიმედო მდგომარეობაა.
BYD-მ გასულ თვეს რამდენიმე ახალი დამუხტვადი ჰიბრიდული მოდელი წარადგინა, რათა ბიუჯეტურ ჰიბრიდულ ავტომობილებში საკუთარი კონკურენტული უპირატესობა გაზარდოს. ცნობისთვის, დამუხტვადი ჰიბრიდები კომპანიის მთლიანი გაყიდვების ნახევარზე მეტს შეადგენს. ამ სეგმენტში გაყიდვები იანვარში 28.5%-ით შემცირდა. 2025 წელს BYD-ის დამუხტვადი ჰიბრიდების გაყიდვებმა მთლიანობაში 7.9%-ით იკლო.
კომპანიის მიერ იანვარში გავრცელებული განცხადების თანახმად, BYD-ი წელს ექსპორტზე 1.3 მილიონი ერთეული ავტომობილის გაყვანას გეგმავს, რაც 2025 წელთან შედარებით 24%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, ეს რიცხვი მნიშვნელოვნად ნაკლებია კომპანიის მიერ ნოემბერში გაკეთებულ პროგნოზზე (1.6 მილიონი).
შეგახსენებთ, BYD-ი წელს უნგრეთში საკუთარ ქარხანას ხსნის. ამის გარდა კომპანიას წარმოება აქვს ბრაზილიასა და ტაილანდშიც. მომავალში კი ქარხნების გახსნას ინდონეზიასა და თურქეთში განიხილავს.
გასულ წელს BYD-მ გლობალურად 4.6 მილიონი ერთეული ავტომობილი გაყიდა. კომპანიის 2026 წლის პროგნოზი გლობალურ გაყიდვებთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.

















