ფოტო: Anton Petrus/Getty Images
მედიასააგენტო Reuters-ს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომ გასული თვის დასაწყისში კარაკასსა და ვაშინგტონს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში გაყიდული ნავთობის პირველი პარტიიდან მიღებული $500 მილიონის სრულად ვენესუელას გადაეცა. შეგახსენებთ, შეთანხმება ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ შედგა.
ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ვენესუელის მთავრობამ დარჩენილი $200 მილიონის შემოსავალიც მიიღო. აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ეს თანხები ვენესუელის მოსახლეობის სასარგებლოდ უნდა იქნას გამოყენებული, თუმცა აშშ-ის მთავრობის შეხედულებისამებრ.
საერთო ჯამში, გასულ თვეში აშშ-ის მთავრობამ პირველ პარტიად $500 მილიონის ღირებულების ვენესუელური ნავთობი გაყიდა. პირველი ნაწილი, $300 მილიონი, ვენესუელის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, დელსი როდრიგესის განცხადებით, ქვეყანას იანვარშივე გადაეცა.
გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ ამერიკის მონაწილეობა ვენესუელური ნავთობის გაყიდვაში მოკლევადიანი ძალისხმევა იყო, რომლის მიზანსაც ქვეყნის სტაბილიზაცია, მთავრობის შენარჩუნება და მოსახლეობის დახმარება წარმოადგენდა.
„ჩვენ ვენესუელას საშუალება მივეცით, საკუთარი ნავთობიდან მიეღო შემოსავალი, რომელსაც მასწავლებლების, მეხანძრეებისა და პოლიციელების ანაზღაურების დასაფარად, მთავრობის ფუნქციონირების შენარჩუნებისა და სისტემური კოლაფსის თავიდან ასაცილებლად გამოიყენებდა“, – განაცხადა რუბიომ.
Reuters-ის ცნობით, ნავთობის გაყიდვიდან მიღებული თანხები კატარში, დროებით ანგარიშებზე ინახებოდა. რაც შეეხება ნავთობის სამომავლო გაყიდვებს, როგორც გამოცემასთან აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, გრძელვადიანი გეგმით, ამ თანხების აშშ-ში არსებულ ანგარიშებზე განთავსება იგეგმება. ეს თანხა შემდგომში ვენესუელის მთავრობის ხარჯების დასაფარად იქნება გამოყენებული, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს შეთანხმებული წესების შესაბამისად განხორციელდება.
















