Whatsapp-ის განცხადებით, რუსეთი აპლიკაციის სრულად დაბლოკვას ცდილობდა

Whatsapp-ის განცხადებით, რუსეთი აპლიკაციის სრულად დაბლოკვას ცდილობდა

ფოტო: Reuters

 

Whatsapp-ის პრესსპიკერის მიერ Reuters-ისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე აპლიკაციის გამოყენების სრულად აკრძალვა სცადა. აღნიშნულის მიზანი ადგილობრივი პლატფორმების პოპულარიზაციის ზრდისთვის ხელშეწყობა და ინტერნეტსივრცეზე სრული კონტროლის დამყარებაა.

შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლურ  სოციალურ მედიაპლატფორმებსა და კომუნიკაციის საშუალებებს რუსეთში არაერთი შეზღუდვა დაუწესდა, რამდენიმე მათგანის გამოყენება კი სრულად აიკრძალა. რუსეთის ხელისუფლება სოციალური მედიაპლატფორმების აკრძალვით ინტერნეტსივრცეში კომუნიკაციის კონტროლს ცდილობს. Whatsapp-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ყალბს უწოდებენ რუსული სახელმწიფო მედიასააგენტოები.

ცნობისათვის, რუსეთში ლოკალურად შექმნილი კომუნიკაციის პლატფორმა MAX-ი ფუნქციონირებს, რომელსაც, ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, მომხმარებლებზე სათვალთვალოდ იყენებენ. Whatsapp-ის განმარტებით, მისი პლატფორმის დაბლოკვის მცდელობა სწორედ მომხმარებლების MAX-ზე გადაყვანის ძალისხმევას წარმოადგენს.

„ჩვენ ყველაფრის გაკეთებას ვცდილობთ, რათა ჩვენს მომხმარებლებს ინტერნეტთან კავშირი შევუნარჩუნოთ“, – განაცხადა Whasapp-ის პრესსპიკერმა.

გასულ წელს კრემლმა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების შეზღუდვა დაიწყო. Whatsapp-სა და Telegram-ს გასულ წელს რუსეთში გარკვეული ზარების განხორციელება და შეტყობინებების გაგზავნა შეეზღუდათ. კრემლი აღნიშნულ უცხოურ პლატფორმებს სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობაზე უარის თქმაში ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ აღნიშნული პლატფორმები თაღლითობისა და ტერორიზმთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებაში დახმარებაზე უარს ამბობდნენ და ინფორმაციას არ აზიარებდნენ. მოგვიანებით Apple-ის პროდუქტებს FaceTime-ის შესაძლებლობაც შეეზღუდათ.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.