ფოტო: ALEXANDER NEMENOV/AFP via Getty Images
თებერვალში აშშ-რუსეთის ბირთვული შეთანხმების ვადის ამოწურვამ ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად მოხსნა ბირთვულ არსენალებზე დაწესებული შეზღუდვები. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა განაცხადა – მზად არის ბოლო New START-ის ლიმიტები დაიცვას, თუ ვაშინგტონიც იმავეს გააკეთებს – შეერთებული შტატები ამტკიცებს, რომ ახალ შეთანხმებაში ჩინეთიც უნდა იყოს ჩართული. პეკინმა კი ახალი მოლაპარაკებების იდეა უარყო.
Visual Capitalist-მა, ამერიკელი მეცნიერების ფედერაციის (FAS) მონაცემების საფუძველზე, იმ ქვეყნების სია შემოგვთავაზა, რომლებიც ბირთვული ქობინების უდიდეს მარაგებს ფლობენ. ანგარიშის მიხედვით, ბირთვული იარაღის უდიდესი ნაწილი ორ სახელმწიფოს, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არის გადანაწილებული. ისინი ერთად მსოფლიოში არსებული ქობინების 83%-ს ფლობენ.
ბოლო ხუთ წელიწადში ამერიკის არსენალი 1.3%-ით შემცირდა, რუსეთის შემთხვევაში კი რაოდენობა პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. თუმცა სფეროს ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი არსენალს ზრდიდეს.
მესამე ადგილზეა ჩინეთი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ზრდას აჩვენებს. 2020 წლის შემდეგ ჩინეთის ბირთვული ქობინების რაოდენობა 350-დან 600-მდე გაიზარდა, რაც 71%-იან მატებას გულისხმობს. ზოგიერთი შეფასებით, 2030 წლისთვის ჩინეთის არსენალი შესაძლოა 1,000 ერთეულს მიუახლოვდეს.
ევროპაში ბირთვულ ძალად რჩებიან საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო, რომელთა მაჩვენებლები ბოლო წლებში სტაბილურია.
აზიის რეგიონში ზრდა ფიქსირდება ინდოეთისა და პაკისტანის შემთხვევაში. ინდოეთის არსენალი ხუთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა და 180 ქობინს მიაღწია, ხოლო პაკისტანის ზრდა შედარებით ზომიერია.
ცალკე აღსანიშნავია ჩრდილოეთი კორეა, სადაც ბოლო ხუთ წელიწადში ყველაზე მაღალი, 233%-იანი, ზრდა დაფიქსირდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯამური რაოდენობა შედარებით მცირეა.
ბირთვული ქობინების მარაგი ქვეყნების მიხედვით (2025 წელი)
| ქვეყანა | ბირთვული ქობინების მარაგი | სრული ინვენტარი | ცვლილება 2020-2025 |
|---|---|---|---|
| რუსეთი | 4,309 | 5,459 | 0.0% |
| აშშ | 3,700 | 5,117 | -1.3% |
| ჩინეთი | 600 | 600 | +71.4% |
| საფრანგეთი | 290 | 290 | 0.0% |
| დიდი ბრიტანეთი | 225 | 225 | 0.0% |
| ინდოეთი | 180 | 180 | +20.0% |
| პაკისტანი | 170 | 170 | +6.3% |
| ისრაელი | 90 | 90 | 0.0% |
| ჩრდილოეთი კორეა | 50 | 50 | +233.3% |










