სოციალური მედიის ადიქციასთან დაკავშირებულ სასამართლო მოსმენაზე, Meta-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ Instagram-ისა და Facebook-ის ოპერატორი კომპანია 13 წლამდე ასაკის ბავშვებს პლატფორმებზე რეგისტრაციის შესაძლებლობას არ აძლევს.
მარკ ცუკერბერგი ლოს-ანჯელესის სასამართლოში ამერიკის მოქალაქის მიერ შეტანილი სარჩელის მოპასუხედ წარდგა. სარჩელის თანახმად, ქალი ამტკიცებს, რომ ბავშვობის ასაკში Instagram-მა და Google-ის Youtube-მა მისი მენტალური ჯანმრთელობა დააზიანეს და ამ მიზეზით აღნიშნულ პლატფორმებს უჩივის. მოსარჩელის ადვოკატი მარკ ლენიერი განსაკუთრებით დაინტერესდა 2024 წელს მარკ ცუკერბერგის კონგრესის წინაშე წარდგენის ფაქტით, სადაც მან აღნიშნა, რომ 13 წლამდე ასაკის ბავშვები პლატფორმაზე არ დაიშვებიან.
კალიფორნიის შტატში მცხოვრებმა ქალმა Instagram-ისა და Youtube-ის გამოყენება ბავშვობის ასაკიდან დაიწყო. ის ამტკიცებს, რომ კომპანიები მოგებას ბავშვების საკუთარ პლატფორმებზე მიჯაჭვით იღებენ, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ესმით, ეს მათ მენტალურ ჯანმრთელობას აზიანებს. მოსარჩელის მტკიცებით, აპლიკაციებმა ხელი შეუწყო მისი დეპრესიის გაღრმავებას და სუიციდური ფიქრების გაჩენას და ამაზე მათგან პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს.
საკუთარი არგუმენტების განსამტკიცებლად ბრალდების მხარემ Meta-ს შიდა კომუნიკაციის დოკუმენტები წარადგინა, სადაც ტინეიჯერების შესახებ განსხვავებული მიდგომების შესახებაა საუბარი. თუმცა აღნიშნული დოკუმენტაციის საპასუხოდ, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ Meta-ში სხვადასხვა დროს არაერთხელ ყოფილა საუბარი არსებული აპლიკაციების ისეთი ვერსიების შექმნის შესახებ, რომლებიც ბავშვებისათვის უსაფრთხო იქნებოდა. მაგალითად, კომპანია Instagram-ი ისეთი ვერსიის შექმნას განიხილავდა, რომლის გამოყენებაც 13 წლამდე ასაკის ბავშვებს შეეძლებოდათ, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება არასდროს მიუღიათ.
გარდა ამისა, მარკ ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ აპლიკაციის დეველოპერებისათვის ასაკის კონტროლი და შეზღუდვა რთულ ოპერაციას წარმოადგენს და ამაზე სრული პასუხისმგებლობა მობილური მოწყობილობების მწარმოებლებმა უნდა აიღონ. მოგების მიღების ნაწილში კი განმარტა, რომ Instagram-ზე ტინეიჯერებისგან მიღებული შემოსავალი კომპანიისათვის 1%-მდეა.
















