ფოტო: Reuters
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა. მან კიევს ორდღიანი ვადა მისცა, რათა უკრაინის ტერიტორიიდან სლოვაკეთში რუსული ნავთობის მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით ზომები მიიღოს.
ფიცო კიევს „დრუჟბის“ მილსადენის მეშვეობით რუსული ნავთობის ტრანსპორტირების აღდგენის განზრახ შეფერხებაში ადანაშაულებს. მილსადენი იანვარში, რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე დარტყმებმა დააზიანა.
„თუ უკრაინის პრეზიდენტი ორშაბათს სლოვაკეთისთვის ნავთობის მიწოდებას არ განაახლებს, იმავე დღეს მე შესაბამის სლოვაკურ კომპანიებს ვთხოვ, შეწყვიტონ უკრაინისთვის საგანგებო რეჟიმის ელექტროენერგიის მიწოდება“, – წერს ფიცო X-ზე.
რუსული დარტყმების შედეგად უკრაინის ელექტროსადგურები დაინგრა და ქვეყანა მძიმე ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას. გასულ თვეში უკრაინამ ევროკავშირიდან ელექტროენერგიის მიწოდება მკვეთრად გაზარდა. პროცესს ზედამხედველობას ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთა ევროპული ქსელი (ENSOE) უწევს.
უკრანერგოს, უკრაინის სახელმწიფო ქსელის ოპერატორის, მონაცემებით, სლოვაკეთზე უკრაინის ელექტროენერგიის იმპორტის დაახლოებით 17% მოდის.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ „დრუჟბის“ მილსადენის გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტის შეჩერების მიზეზით, უნგრეთმა და სლოვაკეთმა უკრაინაში დიზელის ექსპორტი შეაჩერეს.
უკრაინელი ოფიციალური პირების ცნობით, „დრუჟბის“ მილსადენით ტრანზიტი იანვრის ბოლოდან რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაზიანების გამოა შეჩერებული. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიჰამ, გასულ კვირას გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც დამწვარი მილსადენია ასახული.








