გასულ კვირაში გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები აჩვენებს, რომ მიმდინარე წელი საკმაოდ კარგი სავალუტო შემოდინებებით დაიწყო, რაც ლარის გაცვლით კურსზე და ეკონომიკურ აქტივობაზე დადებით გავლენას ახდენს.
ფულადი გზავნილები: პოზიტიური დინამიკა იანვარში
2026 წლის იანვარში ფულადი გზავნილები წლიურად 16.6%-ით გაიზარდა და $282.6 მლნ შეადგინა. ზრდა დაფიქსირდა ყველა ძირითადი დონორი ქვეყნიდან. გალტ & თაგარტის პროგნოზით, 2026 წელს ფულადი გზავნილები $3.8 მლრდ-ს მიაღწევს, რაც $200 მლნ-ით ზრდაა 2025 წლის ფაქტიურ მაჩვენებელთან შედარებით.
საგარეო ვაჭრობა: 2026 წელი ექსპორტის მაღალი ზრდით დაიწყო
2026 წლის იანვარში ექსპორტის მკვეთრი ზრდის და იმპორტი შემცირების შედეგად, სავაჭრო დეფიციტი საგრძნობლად შემცირდა. იანვარში, ექსპორტმა $480 მლნ შეადგინა, იმპორტმა – $1.1 მლრდ, ხოლო სავაჭრო დეფიციტი $649 მლნ იყო. ამასთან, ექსპორტის გეოგრაფიულ სტრუქტურაში აღსანიშნავია ევროკავშირის მიმართულება, რომელზეც ექსპორტის 16.1% მოდიოდა და სადაც ექსპორტი წლიურად 45.4%-ით გაიზარდა. დსთ-ის ქვეყნებზე ექსპორტის 46.7% მოდიოდა, თუმცა ამ მიმართულებით 13.4%-იანი წლიური კლება აღინიშნა. სხვა ქვეყნებში ექსპორტმა მთლიანი მოცულობის 37.2% შეადგინა, რაც წლიურად თითქმის გაორმაგებულ დონეს წარმოადგენს.
უმუშევრობა: 2025 წელს უმუშევრობა 13.9%-ზე შენარჩუნდა
2025 წლის მე-4 კვარტალში უმუშევრობის დონე წლიურად 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.3% შეადგინა. შედეგად, 2025 წელს უმუშევრობის დონემ 13.9% შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით უცვლელია.
ფულადი ბაზარი: ძლიერი მოთხოვნა ნარჩუნდება
2026 წლის 17 თებერვალს ფინანსთა სამინისტრომ გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდების ერთი აუქციონი ჩაატარა. მოთხოვნა შეთავაზებას 4.4-ჯერ აღემატებოდა, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 0.252 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
გალტ & თაგარტის კვირის ეკონომიკურ მიმოხილვას სრულად გაეცანით აქ.
S











