ფოტო: Getty Images
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2025 წლის IV კვარტალისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნა. წინა კვარტალთან შედარებით ინდექსი 14%-ით არის გაზრდილი.
„აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 22.6%-იანი მატებით, რამაც 12.82 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“, – წერია საქსტატის ანგარიშში.
2025 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი 21.6%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 28.6%-იანი მატებით, რაც 16.5 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.
ამავე პერიოდში ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 16.4%-ით, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 8.3%-ით გაიზარდა, რამაც, შესაბამისად, 3.23 და 1.87 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.









