ფოტო: Getty Images
28 თებერვალს ისრაელმა, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, ირანში მდებარე კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კოორდინირებული თავდასხმა განახორციელა. საჰაერო იერიშის მიზანი ირანის ბირთვული და სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება და მაღალჩინოსნების, მათ შორის ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია იყო. ირანმა საპასუხო დარტყმები ისრაელზე და რეგიონის მასშტაბით აშშ-ის სამხედრო ბაზებზე, ასევე სამოქალაქო ობიექტებზე მიიტანა და ხამენეის მოკვლის გამო აშშ-ს, ისრაელსა და მათ მოკავშირეებს შურისძიებით დაემუქრა.
ამერიკული Forbes-ის წინასწარი შეფასებით, შეერთებულ შტატებს ირანის წინააღმდეგ ომი შესაძლოა ასობით მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდეს. ამ ეტაპზე კი, ჩამოგდებული თვითმფრინავებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, გამოცემა არ გამორიცხავს, რომ ირანთან დაპირისპირების ხარჯმა, მხოლოდ პირველი ორი დღის განმავლობაში, აშშ-ის ხელისუფლებისთვის უკვე $1 მილიარდს გადააჭარბა.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, კვირას კუვეითში სამი F-15E Strike Eagle-ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რაც აშშ-ის სამხედრო უწყებას, მინიმუმ, $300 მილიონი დაუჯდა — თითო თვითმფრინავი დაახლოებით $90 მილიონი ღირს. ამავროულად, American Enterprise Institute-ის ანალიტიკური ცენტრის უფროსი მკვლევრისა და პენტაგონის ყოფილი თანამშრომლის, ელეინ მაქკასკერის განცხადებით, შეტევების დაწყებამდე რეგიონში ჯარების, გემებისა და თვითმფრინავების ტრანსპორტირება აშშ-ს, სავარაუდოდ, დამატებით $630 მილიონამდე დაუჯდებოდა.
ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია საკმაოდ მასშტაბურია. მაგალითად, CENTCOM-ის განცხადებით, შეტევების დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში სამხედროებმა ირანში მდებარე 1,250-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს იერიში და ამ დრომდე 20-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სამხედრო მოწყობილობა და იარაღის სისტემა გამოიყენეს.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩატარებულმა სამხედრო ოპერაციებმა ომის ხარჯები მილიონობით აშშ დოლარით გაზარდა, რადგან ამ აქტივების წარმოება და ექსპლუატაცია ქვეყანას $35,000-დან (ე.წ. „კამიკაძე“ დრონები) მილიონამდე აშშ დოლარი (Tomahawk-ის რაკეტები) უჯდება. ამას ემატება რეგიონში ჯარების შენახვის ყოველდღიური ხარჯი. The Washington Post-ის მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციაში უკვე დაახლოებით 50,000 ჯარისკაცი მონაწილეობდა და მათი რაოდენობა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.
ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების ხარჯს ამერიკული Forbes-ი რეგიონში განთავსებული ორი ავიამზიდის შენახვისა და ოპერირების ხარჯს უმატებს, რომელიც დღეში $13 მილიონამდე ჯდება. ჯერ კიდევ ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის 2013 წლის შეფასებით, ერთი ავიამზიდის შენახვას დღეში დაახლოებით $6.5 მილიონი სჭირდებოდა, ორი ავიამზიდის შემთხვევაში კი ეს ხარჯი ორმაგდება. თუმცა, Forbes-ის ვარაუდით, დღეს რეალური ხარჯი, ალბათ, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, რადგან Bloomberg-ის მიერ თებერვალში გამოქვეყნებული მონაცემებით, ირანში გაგზავნილი USS Gerald Ford-ის ოპერირების დღიური ხარჯი $11.4 მილიონს აღწევდა.
სამხედრო თვალსაზრისით, დაბალი საწარმოო ღირებულების მქონე „კამიკაძე“ დრონები წერტილოვანი დარტყმებისთვის ეფექტიანია, თუმცა „ერთჯერადია“ და ადგილზე ნადგურდება. Forbes-ის ვარაუდით, ირანზე შეტევების დროს გამოყენებული „კამიკაძე“ დრონების ხარჯი შესაძლოა $43.8 მილიონს აღწევდეს, რაც დაახლოებით ამ ტიპის 1,250 ერთეული დრონის ღირებულებაა (Bloomberg-ის შეფასებით, თითოეულის ფასი — $35,000). ექსპერტების შეფასებით, ოპერაცია, რომლის დროსაც ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია მოხდა (2026 წლის 28 თებერვალს), შესაძლოა ათეულობით მილიონი დოლარი დამჯდარიყო.
The New York Times-ის ინფორმაციით, B-2-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენის მხოლოდ ერთი საათით ფრენა, რომელთა ირანზე თავდასხმებში გამოყენება CENTCOM-მა ასევე დაადასტურა, აშშ-ს $130,000-დან $150,000-მდე უჯდება. დამატებით კი თავდასხმების პერიოდში გამოიყენეს Tomahawk-ის რაკეტები, რომელთა ცალობითი ღირებულება, Times-ის შეფასებით, $2 მილიონია. The Hill-ი ასევე წერს თავდასხმების დროს ამერიკული ანტიბალისტიკური სარაკეტო თავდაცვითი სისტემის (THAAD) გამოყენებაზე. პენტაგონის მონაცემებით, მოწინააღმდეგის მიერ გამოშვებული მხოლოდ ერთი რაკეტის გასაუვნებლად აშშ-ს THAAD-ის სისტემიდან ერთი გასროლა დაახლოებით $12.8 მილიონი უჯდება.
Penn Wharton Budget Model-ის (PWBM) ხელმძღვანელის, კენტ სმეტერსის განცხადებით, ირანთან კონფლიქტი ამერიკელ გადასახადების გადამხდელებს, სულ მცირე, $40 მილიარდი დაუჯდებათ, თუმცა ეს ციფრი, შესაძლოა, $65-დან $95 მილიარდამდე გაიზარდოს. ხარჯები კონფლიქტის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. ეს თანხა მოიცავს როგორც უშუალოდ სამხედრო მოქმედებების, ისე შეიარაღების მარაგების აღდგენის ხარჯებს. სმეტერსი ვარაუდობს, რომ ომმა შესაძლოა აშშ-ს $50-დან $210 მილიარდამდე ეკონომიკური ზარალიც მოუტანოს.
საინტერესოა, რომ სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მონაცემებით, რეგიონში სამხედრო ძალების მობილიზება აშშ-ს დღეში დაახლოებით $31 მილიონი დაუჯდა. ხოლო Bloomberg-ის თებერვლის ანგარიშით, სამხედრო ოპერაციების საერთო ღირებულებამ, სავარაუდოდ, $3 მილიარდს გადააჭარბა. ბრაუნის უნივერსიტეტის „ომის ხარჯების“ პროექტის შეფასებით კი, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში 2023 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის სექტემბრამდე პერიოდში აშშ-მა $31.5-დან $33.7 მილიარდამდე დახარჯა. ეს მოიცავს ისრაელის სამხედრო დახმარების და ოპერაციების ხარჯებს ირანში, იემენსა და რეგიონის სხვა ტერიტორიებზე.
ბრაუნის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ 2021 წელს გამოქვეყნებული შეფასებითვე, 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ აშშ-ს საპასუხო საომარი მოქმედებები და მათთან დაკავშირებული ხარჯები (მაგალითად, ვეტერანების სამედიცინო მომსახურება) საერთო ჯამში $5.8 ტრილიონი დაუჯდა.















