ბებიები ხშირად ჩვენი პირველი მასწავლებლები, მაგალითები და თანამზრახველები არიან ხოლმე. ალბათ, მათ მსგავსად არავის შეუძლია, ასე ძლიერად ირწმუნოს ბავშვის და შეაგულიანოს ის ოცნებების ასრულების გზაზე. სწორედ ამიტომ, წლევანდელი საგაზაფხულო კამპანია საქართველოს ბანკმა ბებიებს მიუძღვნა.
იმ ძლიერ სიყვარულზე ფიქრმა, რომელიც ბებიებს შეუძლიათ, განსაკუთრებით დაგვაახლოვა ბრენდ ბებიასთან. ქართული ბრენდი და სოციალური საწარმო ბებია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ბებიების ხელნაკეთი ქუდებითა და წინდებით (როგორც თავად უწოდებენ, ნახელავებით), ათბობს მომხმარებელს.
ბრენდი ბებია 2018 წელს შეიქმნა და ბებიასა და შვილიშვილს შორის არსებულ სათუთ, სიყვარულითა და ზრუნვით სავსე ურთიერთობას ეფუძნება. ამ ბლოგში მოგიყვებით გიორგი ნოზაძეზე, შვილიშვილსა და ბრენდის დამფუძნებელზე, და ბებიას ბებიებზე, რომლებიც ხელნაკეთ აქსესუარებში საკუთარ ზრუნვასა და სითბოს აქსოვენ.
“ყველაზე თბილი ქუდი მსოფლიოში”
გიორგი ნოზაძე დიდწილად ბებიის, ვენერას, გაზრდილია. ბრენდ ბებიას მთავარი ინსპირაციაც სწორედ მისი ზრუნვა და სიყვარული გახდა. ვენერა ნამდვილი გამომგონებელი იყო: სახლში ყველაზე ადრე იღვიძებდა, კერავდა, ქსოვდა და ავეჯის დიზაინებსაც კი ქმნიდა. მისი შემართება გიორგისთვის დღეს ის მამოძრავებელი ძალაა, რომელიც ბრენდ ბებიასაც ასულდგმულებს.
ბებიაჩემი ყოველთვის სულსა და გულს დებდა ჩემს აღზრდაში. მისი ნაქსოვი ნახელავები: წინდები, ხელთათმანები თუ სხვადასხვა აქსესუარი, ამ სიყვარულის მატერიალური გამოხატულება იყო. ქსოვას დრო, მოთმინება და ყურადღება სჭირდება, ისევე როგორც ბავშვს. ჩემთვის ბებიაჩემის მოქსოვილ თითოეულ კვანძში მისი სითბო და მზრუნველობა იგრძნობოდა, — ამბობს გიორგი ნოზაძე, ბრენდ ბებიას დამფუძნებელი.
გიორგის მეხსიერებას განსაკუთრებული სიყვარულითა და, ალბათ, ცოტაოდენი სევდითაც შემორჩა ბებიას მოქსოვილი ერთი კონკრეტული ნივთი, ეს იყო ყველაზე თბილი და კომფორტული ქუდი, რომელიც ბებიამ მას სტუდენტობისას მოუქსოვა. ქუდს ტყუპისცალიც ჰყავდა, რომელიც გიორგიმ მეგობარს აჩუქა.
დაახლოებით 25 წლის ვიყავი, ეს ქუდი რომ დავკარგე და ბებიას ვთხოვე, ზუსტად ასეთი კიდევ მოექსოვა. ბებია უკვე ასაკში იყო და ჩემი სურვილის ასრულება ვეღარ შეძლო. ერთ წელში კი გარდაიცვალა… მაშინ ასმაგად დამწყდა დაკარგულ ქუდზე გული. მივხვდი, რომ ის მსოფლიოში ყველაზე თბილი ქუდი იყო, — იხსენებს გიორგი.
ბრენდის დაბადება
ბებიის ხელნაკეთი ნივთების უხილავმა, მაგრამ მძლავრმა ენერგიამ გიორგი იმაზე დააფიქრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ენერგია ცხოვრებაში და რეალურად, რამდენ ადამიანს აკლია ის. ბრენდის შექმნის იდეაც ძალიან მარტივად დაიბადა: გიორგი დაფიქრდა იმ ადამიანებზე, რომლებსაც ძლიერ უყვართ ზრუნვა და ძალიან კარგად ეხერხებათ ქსოვა და მათზეც, ვისთვისაც ეს ზრუნვა ძალიან ფასეულია. ადამიანთა ამ ორი ჯგუფის დასაკავშირებლად კი შექმნა ბრენდი და სოციალური საწარმო ბებიას.
ხელით ქსოვისას ადამიანი მხოლოდ კი არ ქმნის სამოსს, არამედ მასში აქსოვს საკუთარ გულსა და სულს. ყველა ადამიანი, რომელიც ბებიას სამოსს მოიხმარს ამ ენერგიას გრძნობს. სწორედ ამ ენერგიით დაიბადა ბრენდი ბებიას და იქმნება მისი სამოსი, — ამბობს გიორგი ნოზაძე, ბრენდ ბებიას დამფუძნებელი.
ბრენდი ბებიას, მომხმარებლისთვის ბებიების ზრუნვის გაზიარებასთან ერთად, თავადვე ზრუნავს მათზე. ბრენდის გარშემო შემოკრებილი მქსოველი ქალები თავიანთ საქმიანობაში იმედს ხედავენ. ისინი აქტიურად ერთვებიან შემოქმედებით პროცესში და ნახელავებით ახალგაზრდა თაობასაც ათბობენ.
ჩვენი გუნდი ექვსი მქსოველი ბებიასა და მენეჯმენტის სამი წევრისგან შედგება. ქალბატონი ნათელა, ჩვენი ერთ–ერთი განსაკუთრებული მქსოველი და ძალიან ძვირფასი თანამშრომელი, ცოტა ხნის წინ მოაკლდა გუნდს… ბებიას გუნდის წევრია დედაჩემიც, რომელიც ახლა უკვე თავადაც ბებიაა. ის ადმინისტრაციულ საქმიანობაშია ჩართული, ხელნაკეთ ნივთებს საკუთარ სახლში ინახავს და იქიდანვე უგზავნის ჩვენს მომხმარებლებს, — ამბობს გიორგი ნოზაძე.
სწორედ ამ ადამიანების შემართება და შემოქმედებითი ჟინი აძლევს გიორგის ძალას ბრენდის განვითარების გზაზე არ გაჩერდეს.
ბრენდის გზა და განვითარების პროცესი
შალი და ბამბა – ბრენდის აქსესუარებში 100%-ით ბუნებრივი მასალების გამოყენება დამფუძნებელთა ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას წარმოადგენს. ეს მიდგომა გარემოზე მავნე ზემოქმედებას ამცირებს, თავად პროდუქცია კი ჰიპოალერგიული და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.
ბებიას აქსესუარების დიზაინი მუდმივად ახლდება. თავდაპირველად ის სრულიად განსხვავებული იყო. ბრენდის გუნდის წევრებმა გადაწყვიტეს, დიზაინი სამი ძირითადი ელემენტის: მიწის, ჰაერისა და წყლის გარშემო დაემუშავებინათ. ასე შეიქმნა ქუდების პირველი დიზაინი, რომელიც შემდეგ საქსოვ სქემებად იქცა.
ძალიან მაგარი ქუდები გამოგვივიდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მასობრივი წარმოებისთვის მათი შექმნა რთული იქნებოდა. ამიტომ არჩევანი უფრო მარტივ, საყოველთაო დიზაინებზე შევაჩერეთ. თუმცა, ახლა გადავწყვიტეთ, რომ სამი ელემენტის მოტივზე შექმნილი აქსესუარებიც დავაბრუნოთ წარმოებაში, თუნდაც მცირე რაოდენობით, — ამბობს გიორგი ნოზაძე.
ბრენდი ჯერ ისევ განვითარების გზას ადგას. გიორგის სჯერა, რომ მისი საქმე გულწრფელ და კეთილშობილ მიზნებს ემსახურება, ამიტომ გაჩერებას არ აპირებს.
მომავლის გეგმები
მომავლის გეგმებიც დიდია… გიორგის მიზანია, ბრენდში ასობით ქალბატონი დაასაქმოს და მათ საყვარელი საქმის კეთების საშუალება მისცეს. ამასთან, სამომავლოდ მას ბებიების სამკერვალოს გახსნაც სურს, სადაც საუკეთესო მკერავი ქალბატონები ტანსაცმლის ახალ-ახალ დიზაინებზე იმუშავებენ.
იქიდან კი შესაძლებლობები უსაზღვროა… მთავარია, შემოქმედებითმა აზროვნებამ და ჟინმა საკმარისი შემართება მოგცეს. გიორგისა და მის გუნდს კი ეს ნამდვილად არ აკლიათ. ბრენდი ბებია აუცილებლად გახდება წარმატებული მსოფლიო ბრენდი, რომელიც, ზრუნვასთან ერთად, უმშვენიერეს პროდუქტსაც გაუზიარებს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს.
S












