საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ დაუდასტურა.
„ძალიან მიჭირს ახლა იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ. ამ რამდენიმე წუთის წინ ღვთივგანისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. ეს იყო ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის. მინდა მივუსამძიმრო ყოველ ქართველს, მთელ საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და მთელ საქრისტიანოს“, – განაცხადა შიო მუჯირმა მედიასთან.
დღეს, 17 მარტის დილას, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც ის კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. როგორც კლინიკის დირექტორმა, სოფიო ასპანიძემ განაცხადა, პატრიარქი დაწესებულებაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს. იგი ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის გამო მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, ილია II საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს გამართულ XII საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. იგი საქართველოს ეკლესიის 141-ე პატრიარქი იყო.












