აშშ-ის ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს $15,000-მდე დეპოზიტი მოეთხოვებათ

აშშ-ის ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს $15,000-მდე დეპოზიტი მოეთხოვებათ

ფოტო: © Depositphotos

 

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 50 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლაზე განაცხადის შეტანისას $15,000-მდე დეპოზიტის გადახდას მოსთხოვს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დღეს, 18 მარტს, განაცხადა.

მედიასააგენტო Reuters-ი ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ სიას, რომელიც უკვე მოიცავს 38 სხვა ქვეყანას, 12 სახელმწიფო დაემატება, ძირითადად აფრიკის კონტინენტიდან.

საქართველო იმ 12 ქვეყანას შორისაა, რომლებიც პროგრამაში დაემატა. ცნობისთვის, განახლებულ სიაში ასევე მოხვდნენ: კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოტო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელის კუნძულები და ტუნისი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ინფორმაციით, ცვლილება შეეხება B1 და B2, ბიზნეს და ტურისტულ ვიზებს. პროგრამა ძალაში 2 აპრილიდან შევა და ვიზის ვადის გადაცილების შემთხვევების შემცირებას ისახავს მიზნად.

დეპოზიტი ერთგვარ ფინანსურ გარანტიას წარმოადგენს და გადახდილი თანხა ვიზის მფლობელს სრულად უბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ ის არ დაარღვევს ვიზის პირობებს და აშშ-ს დროულად დატოვებს, ან საერთოდ არ იმოგზაურებს ქვეყანაში.

სიაში ადრე შეყვანილი 38 ქვეყანაა: ალჟირი, ანგოლა, ანტიგუა და ბარბუდა, ბანგლადეში, ბენინი, ბუტანი, ბოტსვანა, ბურუნდი, კაბო ვერდე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კოტ-დ’ივუარი, კუბა, ჯიბუტი, დომინიკა, ფიჯი, გაბონი, გამბია, გვინეა, გვინეა-ბისაუ, ყირგიზეთი, მალავი, მავრიტანია, ნამიბია, ნეპალი, ნიგერია, სან-ტომე და პრინსიპი, სენეგალი, ტაჯიკეთი, ტანზანია, ტოგო, ტონგა, თურქმენეთი, ტუვალუ, უგანდა, ვანუატუ, ვენესუელა, ზამბია და ზიმბაბვე.